ახალი ამბები

ლავროვი ნატოსთან უთანხმოების კონტექსტში საქართველოზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ 2008 წლის საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის აღიარება ერთ–ერთი ის მთავარი წინაპირობაა, რომელსაც ნატო რუსეთს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის განახლების აუცილებლობაზე დიალოგის დაწყებისთვის უყენებს.

„ნატოს მისწრაფებამ თავის სასარგებლოდ გაზარდოს დისბალანსი ჩვეულებრივი შეიარაღების სფეროში და დაუკავშიროს ევროპაში ჩვეულებივი შეიარაღების კონტროლი კონფლიქტების დარეგულირების თემატიკას დაღუპა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმება“, – განაცხადა ლავროვმა 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოში გამოსვლისას.

რუსეთმა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ შეთანხმებაში (CFE) მონაწილეობა 2007 წლის ზაფხულში შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებიდან თითქმის ერთი წლის თავზე მან საქართველოს ოკუპაცია განახორციელა და 2008 წლის აგვისტოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ საქართველოს ამ ორ სეპარატისტულ რეგიონში თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიერა. ნატოს მიაჩნია, რომ CFE-ის ფარგლებში, რუსეთს საქართველოსა და ასევე მოლდოვას სეპარატისტულ რეგიონებში შეიარაღებული ძალების განთავსების უფლება არ უნდა ქონდეს. CFE გულისხმობს მასპინძელი ქვეყნის თანხმობას მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ძალების განთავსებასთან დაკავშირებით.

„ამჟამად ნატოდან პარტნიორები, როცა განიხილავენ ევროპაში შეიარაღების კონტროლის განახლების საჭიროებას, საუბრისთვის წინასწარი პირობის სახით ჩვენგან ითხოვენ საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას 2008 წლის საზღვრებში და CFE–ში დაბრუნებას, რომელიც რუსეთმა იმის გამო დატოვა, რომ მისი განხორციელება საბოტირებული იყო ალიანსის წევრების მხრიდან“, – განაცხადა ლავროვმა, „ეს აბსოლუტურად არარეალისტური პირობებია, რომლებიც აზრს უკარგავს ერთობლივ მუშაობას ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის პრობლემატიკაზე“.

„დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს ამ ნაწილის პოლიტიკური რუკის განუყოფელი შემადგენელი ნაწილები გახდნენ“, – განაგრძო მან ფედერაციის საბჭოში თავის გამოსვლაში, „რუსეთისადმი მოწოდებები გადახედოს მათი აღიარების გადაწყვეტილებას მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენმა პარტიორებმა მაინც ვერ გამოიტანეს გაკვეთილები 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან, როცა მ. სააკაშვილი წავიდა ავანტიურაზე, აშკარად გაბრუებული ნატოს ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტის გადაწყვეტილებით იმის შესახებ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ვიმედოვნებთ, რომ გაკვეთილები გამოტანილი მაინც იქნება“.

მან ნატოსთან ურთიერთობებში პრობლემურ თემებად დაასახელა მისი საზღვრების სიახლოვეს ალიანსის სამხედრო აქტივობების „თვალშისაცემი“ ზრდა, მათ შორის გახშირებული წვრთნების სახით და ნატოს გაფართოების პოლიტიკა.

„ჩვენ ვუხსნით პარტნიორებს [ნატოდან], თუ რას უქადის ალიანსთან რუსეთის ურთიერთობების მთელ კომპლექსს, მასში ახალი წევრების შეთრევის მცდელობა, მათ შორის ჩვენი მეზობლების რიგებიდან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button