skip to content
ახალი ამბები

თომას მელია საქართველოს არჩევნების და ხელისუფლების გადაცემის შესახებ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლების მიმდინარე გადაბარება „ღირშესანიშნავი“ და „ძალიან იმედისმომცემი მოვლენებია“, თუმცა „ბევრად მეტია“ გასაკეთებელი დემოკრატიის შემდგომი განმტკიცებისთვის, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თომას მელიამ 9 ოქტომბერს.

ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, სადაც საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე მსჯელობდნენ, მელიამ განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, რადგანაც რამდენიმე ერთმანდატიან ოლქში საჩივრების განხილვა კვლავ გრძელდება. 

„ამრიგად, არჩევნები ჯერ არ დასრულებულა და მეორეც… არჩევნები თავისთავად არ ქმნის დემოკრატიას“, – განაცხადა მან, „მაგრამ მიუხედავად ამისა, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, არის ხელისუფლების გადაცემის ღირშესანიშნავი პროცესი“.

„ეს ერთ–ერთი ის მომენტია, რომელსაც, ვიმედოვნებ, უფრო ხშირად ვიხილავთ ყოფილ საბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ პროცესს „ძალიან, ძალიან ყურადღებით“ დააკვირდებიან.

ამერიკელი დიპლომატი არჩევნებამდე, დაახლოებით, სამი კვირით ადრე სტუმრობდა საქართველოს; იგი აშშ–ის იმ უწყებათაშორის დელეგაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო სიტუაციის შეფასების მიზნით ჩამოვიდა. 

მისი თქმით, მაშინ როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, „გულწრფელად გითხრათ, მეგონა რომ არჩევნების ღამეს ან მომდევნო დღეს ძალადობის პერსპექტივა სავსებით რეალური იყო“.

„ამიტომ, ბევრი დრო გავატარეთ ორივე მხარესთან [„ქართულ ოცნებასთან“ და "ნაციონალურ მოძრაობასთან"] … რათა დაგვეშოშმინებინა მათი აგრესიული რიტორიკა, რომელსაც ორივე მხარე ავითარებდა არჩევნების ღამეს კონფრონტაციის შესახებ“, – განაცხადა მელიამ.

„არჩევნები ჯერ არ დასრულებულა; არჩევნებზე ბევრად უფრო მეტია საჭირო საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის, მაგრამ არჩევნები და ხელისუფლების გადაცემა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, ძალიან იმედისმომცემი განვითარებაა“, – განაცხადა მან.

მან შეაქო პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა არჩევნებში დამარცხების ღირსეულად აღიარებისთვის და ასევე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვაშინგტონის მიერ დაყენებული საკითხებზე რეაგირებისთვის.

მელიამ განაცხადა, რომ აშშ კანონის უზენაესობის და დემოკრატიის საკითხებზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების კონტექტსში აქტიურად და მაღალ დონეზე იყო ჩართული საქართველოსთან, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის მანძილზე. მისი თქმით, უწყებათაშორისი დელეგაცია, რომელიც მისი ხელმძღვანელობით გასულ თვეს საქართველოს სტუმრობდა და რომელიც „გარკვეულწილად უჩვეულოც“ იყო, ამ ფართო ჩართულობის ნაწილი იყო.

„და ყველაზე საინტერესო ამ ჩართულობაში ის არის, რომ … საქართველოს ხელისუფლებამ ბევრ საკითხში გაითვალისწინა ის წუხილები, რომელიც ჩვენ წამოვწიეთ“, – განაცხადა მან.

იმ საკითხებს შორის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინა, მელიამ დაასახელა უშიშროების საბჭოსთან სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის კანონით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე ჩამოყალიბება. მან ასევე განაცხადა, რომ „must-carry“–ის პრინციპი მას შემდეგ დაინერგა, რაც „ჩვენ ზეწოლა მოვახდინეთ, რომ მედიის ხელმისაწვდომობა უფრო სამართლიანი გამხდარიყო“.

„ჩვენ ვაგრძელებდით მათზე ზეწოლას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც მიგვაჩნდა, რომ უკეთესად შეეძლოთ მოქმედება, როგორიცაა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის აღსრულება და [სახელმწიფო] აუდიტის სამსახურის მუშაობა, რომელიც კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევებს იძიებდა“, – განაცხადა მელიამ და დასძინა, რომ ეს კანონი პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყენებოდა ძირითადად კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.   

მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის ლევან ბეჟაშვილის და მისი მოადგილის თინათინ ბოკუჩავას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატებად წარდგენა და ასევე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ლაშა თორდიას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ უფროსად დანიშვნა ამყარებდა იმ მოსაზრებებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიკერძოებულად მოქმედებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button