ახალი ამბები

სააკაშვილის განცხადება ციხეში წამების შესახებ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან გაბრაზებული“ და „შოკირებულია“ იმ კადრების ნახვის შემდეგ, სადაც ნაჩვენებია გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმართა წამების და გაუპატიურების ფაქტები.

„ყველა ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა ვინც ამის განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს დაუშვა უმკაცრეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს“, – განაცხადა მან თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც Facebook მის ოფიციალურ გვერდზე ღამის 3 საათის შემდეგ გავრცელდა.

„პოლიციას უკვე დაკავებული ყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა მან.

„მე მინდა განვუცხადო ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ოჯახის წევრებს და მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, ეს საქართველო არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს ან რაიმე კლიმატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ამასთან მიახლოებული მოვლენაც კი“, – განაცხადა მან.

„ის ვინც იყვნენ პასუხისმგებლები, რომ ეს არ დაეშვათ, ხოლო ის ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა, მე გაძლევთ ამის სიტყვას მრავალ წელს გაატარებს ციხეში“.

„მთელი იდეა ახალი საქართველოსი არის უარყოფა და გამიჯვნა ძალადობისგან. ყველაფერი იმისგან, რაც წარსულში ხდებოდა როგორც ორგანიზებული დანაშაულის, ასევე ძალადობის კუთხით დამნაშავეების მხრიდან და ასევე სახელმწიფოს მხრიდან; ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი მოვიტოვეთ უკან მთლიანობაში და ნამდვილად არ მოვითმენ იმის რეციდივებს, რომ რაიმე ფორმით ეს ხელახლა განმეორდეს ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მე დავავალე შესაბამის უწყებებს იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ, მისცენ პასუხისგებაში, უკლებლივ ყველა გამოიყვანონ სააშკარაოზე და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ითხოვს სამართლიანად ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხს“, – განაცხადა მან, „მე პირადად ვუზრუნველყოფ, რომ ამ სისტემაში ადამიანის უფლებები იქნას დაცული, როგორც კრიმინალებისგან, ასევე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც როგორც ნამდვილი მაფიის წევრების თვითონ ისევე მოქმედებდნენ“.

„ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანი უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, რომელიც თავის ყოველწლიურ ანგარიშებში იტყობინებოდა მე–8 საპყრობილეში პატიმართა ცუდი მოპყრობის თაობაზე, განაცხადა, რომ პატიმართა წამების უკან მდგარი პირების დაუსჯელობის სინდრომმა გამოიწვია ამგვარი ვითარება. მისი თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის „პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი“ უნდა დადგეს.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების თაობაზე ნათქვამია, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პატიმართა და დაკავებულთა ცუდი მოპყრობა და ასევე სახიფათოდ არასტანდარტული ციხის პირობები იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას შორისაა, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოვლინდა.

18 სექტემბერს გვიან ღამით ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიებმა „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“, სხვა ვიდეოებთან ერთად, დაუთარიღებელი ვიდეომასალა გაუშვეს, სადაც ნაჩვენებია, როგორ აუპატიურებენ ციხის ბადრაგები პატიმარს ხელკეტით, ეს უკანასკნელი კი ეხვეწება მათ შეწყვიტონ ეს.

მას შემდეგ, რაც პატიმართა გაუპატიურების შესახებ ვიდეომასალა გავრცელდა, მოსახლეობამ ფილარმონიასთან შეკრება დაიწყო, რადგანაც გავრცელდა ხმები, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ფილარმონიაში „ვერის უბნის მელოდიებზე“ დასასწრებად მივიდა. მომიტინგეები ხათუნა კალმახელიძის და ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაყენებას მოითხოვდნენ. ეს უკანასკნელი ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო 2005–2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, თუმცა სავარაუდოდ ის არაფორმალურად კვლავ კურირებს სასჯელაღსრულების სისტემას. საპროტექტო აქცია ღამის 3 საათის შემდეგ მშვიდობიანად დაიშალა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button