ახალი ამბები

სოხუმს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლა სურს

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა 17 სექტემბერს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებების არსებულ ფორმატს ეფექტური გადაწყვეტილების მიღების პროცესი აკლია და უნდა შეიცვალოს.

„ჟენევის პროცესი კრიზისშია. ჩვენ რთული სიტუაცია გვაქვს რამდენიმე პარამეტრთან დაკავშირებით. ჯერჯერობით დასკვნებს არ გავაკეთებთ, მაგრამ სერიოზული საუბარია საჭირო იმის გასაგებად, სწორად მივდივართ თუ არა, და საჭიროა თუ არა რაიმე ცვლილებები როგორც ფორმატში, ისე ჩვენს წინაშე არსებული საკითხების დაყენებაში“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ჩირიკბას სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება სოხუმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას თავის მისასალმებელ სიტყვაში გააკეთა.

ჩირიკბამ ასევე დასძინა, რომ აფხაზურ მხარეს „გააჩნია კეთილი ნება, რომ ყველა ეს პრობლემა კონსტრუქციულად განიხილოს“.

„ჩვენ უკმაყოფილო ვართ შეხვედრების ფორმატით. ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ვინაიდან ის ზღუდავს ჩვენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვერაფერს ვერ ვწყვეტთ ასეთ არასწორ ფორმატში“, – განაცხადა ჩირიკბამ.

დეტალები, თუ კონკრეტულად რისი შეცვლა სურს სოხუმს ფორმატთან დაკავშირებით, უცნობია. ჟენევის მოლაპარაკებები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც პირველი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს, მეორე კი – ჰუმანიტარულ თემებს. მოლაპარაკებებს თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები. დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ჟენევის დისკუსიების მომდევნო 21–ე რაუნდი ოქტომბერშია დაგეგმილი.

ჩირიკბამ კიდევ ერთხელ გაიმეორა სოხუმის პოზიცია, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში, თუ მას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც დაესწრება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და რაც ასევე მოიცავს ცხელი ხაზის ინსტრუმენტს ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის, საქართველოს და სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელთა, ასევე სეპარატისტულ რეგიონში განთავსებული რუსული ძალების წარმომადგენელთა რეგულარული შეხვედრების ადგილს წარმოადგენდა. შეხვედრებში ასევე მონაწილეობდნენ გაეროს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ანალოგიური მექანიზმი ასევე ფუნქციონირებს სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ეუთოს წარმომადგენლის მონაწილეობით.

24 აპრილს ამ მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილი 36–ე შეხვედრა არ ჩატარდა მას შემდეგ, რაც აფხაზურმა მხარემ მონაწილეობაზე უარი განაცხადა; მეორე დღეს სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ანდჟეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულა და „აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად“ გამოაცხადა. სოხუმი აცხადებს, რომ  მზად არის განაგრძოს მონაწილეობა ამ მექანიზმის შეხვედრებში, თუმცა იმ პირობით, თუ სადამკვირვებლო მისიას შეხვედრებზე ვინმე სხვა წარმოადგენს და არა მისი ხელმძღვანელი ანდჟეი ტიშკევიჩი.

„ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ [გალის] შეხვედრებში, როგორც კი ჩვენი მოთხოვნა შესრულდება“, – განაცხადა ჩირიკბამ, „მაგრამ სამწუხაროდ, გენერალ ტიშკევიჩის [გადამდგარი გენერალ–ლეიტენანტი] მანდატი გააგრძელეს და ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში მექანიზმის ფარგლებში არანაირი შეხვედრები არ გაიმართება“.

მან ასევე გააკრიტიკა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ივლისში დევნილთა შესახებ მიღებული, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია. საქართველო ყოველწლიურად ახდენს ამგვარი რეზოლუციის ინიცირებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში, რაც მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას.

გამოეხმაურა რა მოსკოვის პოზიციას ამ რეზოლუციაზე, ჩირიკბამ განაცხადა, რომ ასეთი დოკუმენტის ინიცირება გაეროს გენერალურ ასამბლეაში, ჟენევის მოლაპარაკებების გვერდის ავლით, რომელიც ასევე განიხილავს დევნილთა საკითხებს, ჟენევის დისკუსიებისთვის ძირის გამოთხრის ტოლფასია.

„ჩვენი პოზიცია ჟენევაში ძალიან მკაცრი იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არც თუ ისე მარტივი რაუნდი გვექნება. საჭიროა, რომ მოვაწესრიგოთ საკითხები, რადგანაც წყლის ნაყვას არანაირი აზრი არ აქვს“, – განაცხადა ჩირიკბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button