ახალი ამბები

ოპოზიციის და მმართველი პარტიის ლიდერები ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრნენ



აღდგენილი ბაგრატის ტაძარი, 16 სექტემბერი. ფოტო სატელევიზიო კადრიდან. 

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ოპოზიციის და მმართველი პარტიის ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი, კვირას ქუთაისში შეიკრიბნენ, სადაც საქართველოს პარტიარქმა, ილია მეორემ განახლებული ბაგრატის ტაძარი აკურთხა.

სააკაშვილმა ტაძრის განახლების პირობა 2008 წლის დასაწყისში დადო, როდესაც მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემდეგ მან მე–11 საუკუნის ტაძრის ნანგრევებში ფიცი დადო.

გასულ კვირას საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიაზე ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მიიწვია, რასაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა 14 სექტებერს ერისადმი სატელევიზიო მიმართვით უპასუხა, სადაც მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობის დემონსტრირება მოეხდინათ.

„ჩვენ მადლობელი ვართ ყველასი და განსაკუთრებით თქვენი, ბატონო პრეზიდენტო… ვინც მიიღეთ მონაწილეობა ამ დიდებული ტაძრის აღდგენაში“, – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, რომელიც ტაძარში პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდით იდგა.

„მე მინდა მის უწმინდესობას ვუთხრა ძალიან დიდი მადლობა ამ დიდი ინიციატივისთვის ამ ტაძრის აღდგენის“, – განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც ცერემონიას მეუღლესა და ექვსი წლის ვაჟიშვილთან ერთად ესწრებოდა, „მრავალი პარტიის წარმომადგენლები მოვიდნენ. ჩვენ შეიძლება განგვასხვავდებდეს სხვადასხვა ხედვა, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის; იმედია, არ განვსხვავდებით მთავარ რაღაცაში, რომ საქართველო არასოდეს არ უნდა ჩავაბაროთ ჩვენ მტერს, როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პირადი ამბიცია“.

„ჩვენ ყველანი ერთად თუ დავდგებით, როგორც ახლა ვდგავართ ამ ტაძარში… ჩვენ ყველანი ერთად აღვადგენთ ერთიან, ძლიერ საქართველოს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მართალია „ქართული ოცნების“ რიგი პარტიული ლიდერები ესწრებოდნენ ბაგრატის ტაძრის კურთხევის ცერემონიალს, მაგრამ ოპოზიციური კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი იქ არ იმყოფებოდა. 

მას შემდეგ რაც პატრიარქმა ბაგრატის ტაძარში მიიპატიჟა პოლიტიკოსები და ვიდრე პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მოწოდებას სატელევიზიო გამოსვლით გამოეხმაურებოდა, ბიძინა ივანიშვილი წიწამურში შეხვდა პატრიარქს, როცა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 105 წლისთავთან დაკავშირებით ილია მეორემ პარაკლისი აღავლინა.
         
ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კურთხევის მსვლელობისას ივანიშვილი „მეცხრე არხზე“ ორსაათიანი ტელეხიდისთვის ემზადებოდა.

„ეს [განახლებული ტაძრის გახსნა] მართლაც ძალიან კარგი მოვლენაა ჩვენს ისტორიაში“, – განაცხადა ივანიშვილმა, როდესაც მას გადაცემის დროს ჰკითხეს, თუ რატომ არ დაესწრო ის ცერემონიას, „ოღონდ სააკაშვილი ცდილობს ეს მიითვისოს და ისევე როგორც სხვა მოვლენები, საკუთარ თავს მიაწეროს. ეს [ტაძრის აღდგენა] ქართველი ხალხის გაკეთებულია და მე პირადად ძალიან დიდი წვლილი მაქვს ამ ტაძრის აღდგენასა და საერთოდ ამ პროცესში რაც შეეხება ჩვენი ძეგლების აღდგენას“.

„მე არ მინდა დავაკნინო დღევანდელი დღე, მაგრამ რამდენადაც დღეს პოლიტიკური პროცესია, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სააკაშვილი ცდილობს, რომ ეს მიიწეროს, თითქოს ეს მისი გაკეთებულია. ყველაზე ნაკლები წვლილი ზუსტად სააკაშვილს აქვს ამ ტაძრის აღდგენაში", – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ იგი ვერ დაესწრო კურთხევის ცერემონიალს, რადგანაც მას „მეცხრე არხზე“ დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ჰქონდა ტელეხიდი, რომლის დროსაც მან, ძირითადად, კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრა, დაწყებული სოფლის მეურნეობის განვითარებით და დამთავრებული სოციალური თემატიკით და ჯანდაცვით. მან სააკაშვილის მთავრობაც გააკრიტიკა, როგორც ყველაზე უარესი საქართველოს ისტორიაში.

ქუთაისში ბაგრატის ტაძრის კურთხევას „ქართული ოცნებიდან“ ესწრებოდნენ ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია; რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი; კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური; ეროვნული ფორუმის ერთ–ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე. სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს შორის ასევე იყვნენ ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე; ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე; ასევე ლეიბორისტული პარტიის და რამდენიმე სხვა პარტიის წარმომადგენლები.

ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია საკმაოდ წინააღმდეგობრივი პროექტი იყო.

1994 წელს იუნესკომ ბაგრატის ტაძრის ნანგრევები, გელათის მონასტერთან ერთად, მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების ნუსხაში შეიყვანა.   

თუმცა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციის დაწყების შემდეგ, 2010 წელს ეს ძეგლი საფრთხის წინაშე მდგომი მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიული ძეგლების სიაში შევიდა. მაშინ იუნესკომ საქართველოს ხელისუფლებას რეკონსტრუქციის შეჩერებისკენ მოუწოდა, განაცხადა რა, რომ პროექტი ”ხელყოფს ტაძრის აუთენტურობას.”

ზაფხულში თავის ყოველწლიურ სხდომაზე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი აპირებდა განეხილა ანგარიში და გადაწყვეტილების პროექტი, რომელშიც ბაგრატის ტაძარში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები იყო გაკრიტიკებული; გადაწყვეტილების პროექტის შესაბამისად, აღდგენითი სამუშაოების შედეგად, ტაძარი ისე შეიცვალა, რომ მის აუთენტურობას საფრთხე შეექმნა და ის აღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რის გამოც ის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა შორის აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა ანგარიში და მას "არაპროფესიონალური" უწოდა. ივლისის დასაწყისში გამართულ სხდომაზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხზე დებატები "გამონაკლისის სახით" 2013 წელს დაგეგმილ სხდომამდე გადაედო.

პატრიარქმა ილია მეორემ, რომელმაც ბაგრატის ტაძრის აღდგენას „უდიდესი სასწაული“ უწოდა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მომავალ კვირას ფოთის საკათედრო ტაძრის გახსნაზე დაპატიჟა.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button