ახალი ამბები

პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე

თბილისში ვიზიტად მყოფმა შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დიდი იმედი გამოთქვეს, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაცილებით უკეთესად ჩატარდება, ვიდრე ბოლო წლებში საქართველოში გამართული არჩევნები.

შვედ და ქართველ კოლეგებთან, კარლ ბილდტთან და გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი „ძალიან ყურადღებით“ აკვირდება საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას.

შიკორსკის განცხადებით, მისი და მისი შვედი კოლეგის გზავნილი მთავრობის და ოპოზიციის მიმართ არის: „ევროპა და მსოფლიო თქვენ გაკვირდებიან და თქვენ გაქვთ შანსი გამჭირვალე არჩევნების სტანდარტი დაამკვიდროთ“.

„მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს სტრატეგიული აქტივია – მსოფლიოს აღქმა, რომ თქვენ თავისუფალი ქვეყანა ხართ; თქვენ უნდა დაიცვათ ეს აქტივი“, – დასძინა შიკორსკიმ.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში ჩატარებული ყოველი შემდგომი არჩევნები გაუმჯობესებით ხიათდებოდა, თუმცა შემდგომი პროგრესის შესაძლებლობა ისევ არსებობს. 

„ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ხარისხისა და სტანდარტების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნება, ვიდრე 2008 წლის [საპრეზიდენტო და საპარლამენტო] და  2010 წლის [ადგილობრივი] არჩევნები “, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, არჩევნების შეფასება, ეს, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო დამკვირვებლების საქმეა და არა საარჩევნო პროცესში ჩართული პარტიების.

„მათ [პოლიტიკურმა პარტიებმა] კონცენტრირება უნდა მოახდინონ არსებით საკითხებზე და ამას მოჰყვება დიდი რაოდენობით დამკვირვებლების მიერ არჩევნების ხარისხის შეფასება; და ჩვენ დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს საარჩევნო სტანდარტებში შემდგომი მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდება“, – განაცხადა ბილდტმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის თქმით, მან განუცხადა სტუმრებს, რომ საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის სურვილია, რომ მომავალი არჩევნები უმაღლესი ევროპული სტანდარტების დაცვით გაიმართოს.

პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდნენ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ.

„მათ უფრო მეტად აინტერესებდათ, როგორი სტრატეგია გვაქვს ჩვენ, როგორც რეალურ ოპოზიციას, ყველაზე ძლიერ ოპოზიციას“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მან მადლობა გადაუხადა შვედეთს და პოლონეთს საქართველოს მხარდაჭერის გამო.

„მათ დიდი მხარდაჭერა აღგვითქვეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველოში რეალურად დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

თბილისში გამართულ შეხვედრებამდე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა თავის ბლოგზე 4 სექტემბერს დაწერა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები მისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოსვლის მთავარი მიზეზია. 

მისი თქმით, მათი გზავნილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ იქნება ის, რომ მან ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ევროპული სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. 

„ჩვენი გზავნილი ოპოზიციის მიმართ არის ის, რომ მან უნდა მიიღოს არჩევნების შედეგები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს შედეგები მის სასარგებლოდ არ იქნება“, – წერს ბილდტი თავის ბლოგზე.

ივანიშვილთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის მხრიდან „უცნაური სიგნალები“ მოდის, რომელიც ზოგჯერ ისე ჟღერს, რომ თითქოს ის, თუ ვინ უნდა მართოს ქვეყანა, ეს არჩევნების შემდგომ ქუჩის აქციებით უფრო უნდა გადაწყდეს, ვიდრე არჩევნების დღეს, ხმის მიცემის პროცესის დროს.

შვედმა და პოლონელმა დიპლომატებმა საქართველოს ხელისუფლებასთან ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობები.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო „უზარმაზარ პოლიტიკურ წარმატებას აღწევს ევროკავშირთან უფრო ახლო ურთიერთობის გზაზე“.    

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების ვადები „ძალიან ამბიციურია“. თუმცა მან იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი მომავალ შემოდგომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დასრულდება ვილნიუსში.

ბილდტმა განაცხადა, რომ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორები, შვედეთი და პოლონეთი, პასუხისმგებლობას გრძნობენ „ამ პროცესის წინ წაწევაზე“.

თბილისში პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც შეხვდნენ; ისინი ასევე სტუმრობდნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button