ახალი ამბები

‘Must-Carry’-ის პრინციპი ძალაში შევიდა

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სამი ტელეკომპანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ათობით საკაბელო ოპერატორის 180 000 აბონენტის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც „must-carry“–ის პრინციპი ძალაში შევიდა, იტყობინება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

“Must-carry“-ის პრინციპი ავალდებულებს საკაბელო ოპერატორ კომპანიებს გაუშვან საინფორმაციო არხები არჩევნებამდე სულ ცოტა 60–დღიან პერიოდში. ეს პრინციპი ძალაში 1 აგვისტოს შევიდა; სწორედ ამ დღეს გამოაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღი.
 
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, პარასკევს 16:00 სთ–ს მდგომარეობით, საკაბელო ოპერატორების აბონენტების საერთო რაოდენობიდან, რაც შეადგენს 180 000–ს, მეცხრე არხს უკვე უყურებდა 92% – 166 786 აბონენტი,  კავკასიას – 86% – 156 044, მაესტროს–62% – 112 334. კომისიის თქმით, ამ არხების სხვადასხვა საკაბელო ოპერატორების ქსელებში ჩართვის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

კომისიამ ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 70–მდე საკაბელო ოპერატორია, რომლებიც ძირითადად დიდ ქალაქებში მაუწყებლობენ. 

მაესტროს, რომელიც სატელიტზე გადის, შედარებით დაბალი წილი ძირითადად იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ერთ–ერთ უმსხვილეს საკაბელო ოპერატორს „სილქნეტს“ ჯერჯერობით ეს არხი თავის პაკეტში არ განუთავსებია და ამიტომ ის „სილქნეტის“ აბონენტებისთვის მიუწვდომელი რჩება.

„სილქნეტი“ აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 23 ქალაქში მას დაახლოებით 65 000 აბონენტი ყავს (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ბორჯომი, გარდაბანი, ზესტაფონი, ზუგდიდი, თელავი, კასპი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, სამტრედია, სენაკი, ფოთი, ქარელი, ქობულეთი, წყალტუბო, ხარაგაული და ხაშური).

2 აგვისტოს თავის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში „სილქნეტმა“ განაცხადა, რომ კომპანია „გამოთქვამს მზადყოფნას საერთო მაუწყებლის ლიცენზიის მფლობელი არხების მომართვის შემთხვევაში, კანონით დადგენილი პირობებისა და ვადების სრული დაცვით, განათავსოს ტელეარხები სილქტივის პაკეტში და გახადოს ის ხელმისაწვდომი სილქნეტის ყველა მომხმარებლისთვის“.  

თუმცა ტელეკომპანია „მაესტრო“ აცხადებს, რომ ის არ გაუგზავნის მიმართვას კომპანიას იმ მოტივით, რომ არ არსებობს რაიმე სამართლებრივი დებულება, რომელიც ავალდებულებს ტელეკომპანიებს ამგვარი მიმართვა გაუგზავნონ საკაბელო ოპერატორებს.

საქართველოს კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა, რომ მართალია საკაბელო ოპერატორები ვალდებული არიან წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამისი სატელევიზიო არხები ხელმისაწვდომი გახადონ თავიანთი აბონენტებისთვის, მაუწყებლებმა ოპერატორებს უნდა მიმართონ და სიგნალის გადაცემისთვის საჭირო ტექნიკური პარამეტრები აცნობონ მათ. 

თუმცა, ტელეკომპანია „მაესტრო“ დაჟინებით აცხადებს, რომ ის არ აპირებს მიმართოს „სილქნეტს“ ქსელში ჩართვის მოთხოვნით.

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა 2 აგვისტოს, რომ ტელეკომპანიის ტექნიკური პარამეტრები “მაესტროს“ ვებგვერდზეა განთავსებული და დასძინა, რომ ტელეკომპანიას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ კომპანიას მოთხოვნით მიმართოს.

ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „სილქნეტს“ შორის დიდი ხნის დაპირისპირება არსებობს. ზოგიერთი სხვა საკაბელო ოპერატორების მსგავსად, „სილქნეტი“ დიდი ხანია უარს ამბობს „მაესტროს“ თავის პაკეტში ჩასმაზე. ამ გარემოებას საბოლოო ჯამში მოყვა მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ წარმატებული კამპანიის დაწყება, რის შედეგადაც „must-carry“–ის პრინციპის განხორციელება საკაბელო ოპერატორებისთვის სავალდებულო გახდა.

როდესაც შარშან „მაესტროს“ ჟურნალისტმა ჰკითხა Silk Road Group-ის თავმჯდომარეს გიორგი რამიშვილს, რატომ არ უშვებდა „სილქნეტი“ ტელეკომპანია „მაესტროს“, მან უპასუხა: „აუცილებლად ჩავრთავთ, თუ წესიერად მოიქცევიან… თუ იქნება კონსტრუქციული დიალოგი და არ იქნება ზეწოლის ფორმები, მოგვარებადია ყველა სახის პრობლემა“.

ამ განცხადების საპასუხოდ „მაესტროს“ გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ განაცხადა 2 აგვისტოს, რომ „სილქნეტმა“ შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანიას.

„ერთადერთი კომპანია, რომელსაც არ მივმართავთ თხოვნით, რომ ჩართოს ტელეკომპანია „მაესტრო“ თავის ქსელში, არის კომპანია „სიქნეტი“ მანამ, სანამ ისინი არ მოიხდიან ბოდიშს თავის დაშვებულ შეცდომაზე“, – განაცხადა კიკაბიძემ.

მოგვიანებით „მაესტრომ“ შეცვალა პოზიცია და განაცხადა, რომ „სილქნეთისთვის“ მიმართვაზე ტელეკომპანიის უარი იმითაა განპირობებული, რომ ამგვარი ვალდებულება არ არსებობს.

საარჩევნო კოდექსში ნათქვამია, რომ საკაბელო ოპერატორებმა „must-carry“–ის პრინციპი მისი ძალაში შესვლიდან სამი დღის ვადაში უნდა შეასრულონ; ეს პრინციპი ძალაში 1 აგვისტოს შევიდა.

კანონის თანახმად, პრინციპის შეუსრულებლობას საკაბელო ოპერატორის გაფრთხილება მოყვება; ხოლო თუ გაფრთხილებიდან სამი დღის ვადაში საკაბელო ოპერატორი კვლავ ვერ ან არ შეასრულებს “must-carry”–ის პრინციპს, ოპერატორს ავტორიზაცია ერთი წლის ვადით შეუჩერდება.

ტელეკომპანია „მაესტროს“ თანამფლობელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ თუ 3 აგვისტოსთვის ტელეკომპანია კვლავ მიუწვდომელი იქნებოდა „სილქნეტის“ აბონენტებისთვის, ის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართავდა „სილქნეტის“ წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღების მოთხოვნით.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button