skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა საბიუჯეტო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 25 ივლისის საგანგებო სხდომაზე ბიუჯეტში წელს მესამედ შეიტანა ცვლილებები, რაც წინა კვირას საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით 162.3 მლნ ლარის დახარჯვას ითვალისწინებს როგორც საკომპენსაციო ღონისძიებებზე, ისე ინფრასტრუქტურის აღდგენის გრძელვადიან პროექტებზე.

ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტში 50 მლნ ლარი გამოიყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ერთჯერადი ფონდისთვის, ასევე 2.1 მლნ ლარის ტრანსფერს მიიღებენ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, ხოლო 110 მლნ ლარამდე გაიზარდა კახეთის რეაბილიტაციის პროგრამა, რომლისთვისაც წელს თავიდანვე იყო გამოყოფილი მსოფლიო ბანკის კრედიტიდან 80 მლნ ლარი.

საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, დამატებითი 6 მლნ ლარიანი დაფინანსება მიიღო ჯანდაცვისთვის სამინისტრომ უმუშევართა აღწერისა და დევნილთა საჭიროებების განსაზღვრისთვის და ამავე ოდენობის თანხა დაემატა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

აღნიშნული თანხები ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული დაფინანსების შეკვეცის გზით იქნა გამოყოფილი. კერძოდ, საგარეო ვალის მომსახურების ხარჯებს 11 მლნ ლარი დააკლდა, 39 მლნ ლარით შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება, ხოლო ჯამში 42.7 მლნ ლარით შეეკვეცათ დაფინანსება შემდეგ სამინისტროებს:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 134.2 მლნ ლარი (ჰქონდა 163.6 მლნ ლარი)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო  – 83.5 მლნ ლარი (ჰქონდა 91 მლნ ლარი)
  • ფინანსთა სამინისტრო – 118.2 მლნ ლარი (ჰქონდა 123.2 მლნ ლარი)
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 600.6 მლნ ლარი (ჰქონდა 600.8 მლნ ლარი)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585.05 მლნ ლარი (ჰქონდა 585.2 მლნ ლარი)
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 38.1 მლნ ლარი (ჰქონდა 38.2 მლნ ლარი)
  • სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო – 124.9 მლნ ლარი (ჰქონდა 125.1 მლნ ლარი)
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 290.1 მლნ ლარი (ჰქონდა 290.3 მლნ ლარი)
  • გარემოს დაცვის სამინისტრო – 23.827 მლნ ლარი (ჰქონდა 23.877 მლნ ლარი)
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 59 მლნ ლარი (ჰქონდა 59.2 მლნ ლარი)
  • რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (ჰქონდა 1.3 მლნ ლარი).

საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად ხარჯების საერთო მოცულობა 6.777 მლრდ ლარიდან 6.783 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო შემოსავლების მაჩვენებელი უცვლელი დარჩა.

ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში მისთვის „უკანონოდ“ დაკისრებული მრავალმილიონიანი ჯარიმის ანგარიშზე სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით 80 მლნ ლარი გადარიცხა, რაც, მისი თქმით, დაუგეგმავი საბიუჯეტო შემოსავალია და შესაძლებლობას აძლევს მთავრობას „სრულად დაეხმაროს“ დაზარალებულ მოსახლეობას.

ეს თანხები, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატების თქმით, ჩვეულებრივი ჯარიმაა, რომელსაც ხელისუფლება ხალხის საჭიროებებიდან გამომდინარე დახარჯავს, ჯერ ბიუჯეტის კანონში ასახული არ არის.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში ჯარიმებისა და საურავების სახით მთლიანობაში 100 მლნ ლარის მიღება არის დაგეგმილი.

ოპოზიციამ განაცხადა,  რომ მთავრობის მიერ სტიქიით დაზარალებულთათვის შეთავაზებული ფულადი კომპენსაციები, რომელიც ზარალის ხარისხის მიხედვით 300–დან 1500 ლარამდე მერყეობს,  არასაკმარისია და მისი გაზრდისკენ მოუწოდა. 

ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ დეპუტატებს განუცხადა, რომ მოსახლეობა სამივე სტიქიურ ზონაში – კახეთში, სამცხე–ჯავახეთსა და მცხეთა–მთიანეთში – ზარალის ადეკვატურ დახმარებას მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button