
თავდაცვის ახალი მინისტრი პრიორიტეტებზე საუბრობს
საქართველოს თავდაცვის პოლიტიკა სამი T-ს კონცეფციის გარშემო აიგება, რაც გულისხმობს ტოტალურ ზრუნვას (Total Care), ტოტალურ წვრთნას (Total Training) და ტოტალურ თავდაცვას (Total Defense), განაცხადა თავდაცვის ახალმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გაზეთ „24 საათთან“ ინტერვიუში, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდა.
შაშკინმა, რომელიც 2009 წელს სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2009 წლის დეკემბრიდან განათლების მინისტრი იყო, ვიდრე გასულ კვირას თავდაცვის მინისტრად დაინიშნებოდა, განაცხადა, რომ „არც მშვიდობიან დროს და არც ომში, არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ“ (No man gets left behind in peace and in the war) – დღეიდან ეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სლოგანი ხდება“.
მისი თქმით, პირველი T (ტოტალური ზრუნვა) გულისხმობს სახელმწიფოს ზრუნვას სამხედრო პერსონალსა და მათ ოჯახებზე.
„დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში სამინისტრო კონკრეტულ სტრატეგიას შეიმუშავებს – რა უნდა შევთავაზოთ ყველა ჯარისკაცს, სერჟანტს და ოფიცერს“, – განაცხადა შაშკინმა, „2 კვირაში ცნობილი გახდება, რა ვალდებულებას აიღებს სახელმწიფო ყველა სამხედრო მოსამსახურის წინაშე“.
მეორე T–სთან (ტოტალური წვრთნა) დაკავშირებით შაშკინმა განაცხადა: „ჩვენ რაც შეიძლება მეტი სწავლა და ვარჯიში გვჭირდება იმისთვის, რომ ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაცია დავაჩქაროთ“.
„მინისტრის შეცვლა ინსტიტუციის შერყევას არ ნიშნავს. პოლიტიკა, რომლის მთავარი ამოცანა ნატოში ინტეგრაციაა და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება იყო, დაჩქარდება“, – განაცხადა მან.
მესამე T-სთან (ტოტალური თავდაცვა) დაკავშირებით, შაშკინმა განაცხადა, რომ ამ კომპონენტს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული რჩება. მისი თქმით, „ჩვენ არავის არაფერს ვერჩით“ და საქართველოს ძალისხმევა თავდაცვისკენაა მიმართული.
შაშკინმა ასევე განაცხადა, რომ სავალდებულო და ნებაყოფლობით საფუძველზე სარეზერვო სისტემის განვითარება ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
შაშკინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები კვლავ იქნება დაფუძნებული გაწვევის სისტემაზე საკონტრაქტო სამსახურთან ერთად. მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გავლის სტიმულირებისთვის თავდაცვის სამინისტრო ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც გულისხმობს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებას მათთვის, ვინც სამხედრო სამსახურს გაივლის.
შაშკინმა ასევე განაცხადა, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია სამხედრო მრეწველობის განვითარება. მისი თქმით, 7 000–მდე ადამიანია დასაქმებული იმ საწარმოებში, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის. „ეს ნიშნავს, რომ 7000 ოჯახს სარგებელი, შემოსავალი აქვს. ეს დარგი განვითარდება და თითოეული ოჯახი მეტ სარგებელს ნახავს“, – განაცხადა შაშკინმა, ხელისუფლების მთავარ საარჩევნო გზავნილზე „მეტი სარგებელი ხალხს“ მინიშნებით.
შაშკინმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავება მისთვის „დიდი გამოწვევაა“. „ეს სფერო ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მან, „იმის გამო, რომ რთული მეზობელი გვყავს, თავდაცვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“.