skip to content
ახალი ამბები

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, პუტინის თანაშემწე სოხუმს სტუმრობენ

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, რაშიდ ნურგალიევი და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სოციალურ–ეკონომიკურ საკითხებში, ტატიანა გოლიკოვა 6 ივლისს სოხუმს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ, იტყობინება „აფსნიპრესი“.

რუსეთის დელეგაციამ აფხაზეთის ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის ხელმძღვანელობით ადგილობრივ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა ის პოზიტიური ცვლილებები, რომელიც რეგიონში რუსეთის დახმარების კომპლექსური გეგმის ფარგლებში ხორციელდება. გოლიკოვას თქმით, ვიზიტის ერთ–ერთი მიზანია 2013 წლის სარეაბილიტაციო პროექტების გამოკვეთა.

„ეკონომიკა, სოციალური სფერო და უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია, და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საგნობრივად, მიმართულებების მიხედვით განვსაზღვროთ უახლოესი პერიოდის ნაბიჯები, და საშუალოვადიანი პერსპექტივები“, – განაცხადა ნურგალიევმა.

ეს უკვე მისი მეორე სტუმრობაა სოხუმში მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს 8–წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, მაისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

Back to top button