ახალი ამბები

მოსკოვი კლინტონის გამონათქვამებს აკრიტიკებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აკრიტიკებს საქართველოში ვიზიტისას აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, როგორც თბილისის "რევანშისტული მისწრაფებების წახალისებას", რომლებიც „სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ ვაშინგტონში ვერ ისწავლეს სათანადო გაკვეთილები კავკასიაში 2008 წელს მომხდარი მოვლენებიდან“.

„შეგახსენებთ, რომ ზუსტად აქტიურმა წახალისებამ აშშ–სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მხრიდან, ცნობილმა ავანსებმა საქართველოს ნატოში მიღების თაობაზე და  საზღვარგარეთიდან შეიარაღების მასიურმა მიწოდებამ ჩამოუყალიბა სააკაშვილს ყველაფრის ნებადართულობის და დაუსჯელობის კომპლექსი, რამაც უბიძგა კიდეც დანაშაულებრივი ავანტიურისკენ სამხრეთ ოსეთში. შედეგად მოკლული იქნა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, დაიხოცნენ რუსი სამშვიდოებოები. მაშინ ჩვენ მოგვიწია აგრესორის აზრზე მოყვანა“, – განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 6 ივნისს გამოქვეყნებულ კომენტარში.

„დღეს ჩნდება დეჟავიუს განცდა“, – აღნიშნა მან, „მაღალი რანგის ამერიკელი წარმომადგენლები კვლავ აკეთებენ სააკაშვილის მხარდამჭერ ხმამაღალ განცხადებებს, სიტყვა სიტყვით იმეორებენ მისი პროპაგანდის მცდარ თეზისებს „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის“ თაობაზე. თბილისის რევანშისტული მისწრაფებების ამგვარად წახალისებით, ვაშინგტონში სრულად ვერ იაზრებენ პასუხისმგებლობის ხარისხს“.

5 ივნისს ბათუმში სტუმრობისას ჰილარი კლინტონმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გეგმებზე ისაუბრა და ასევე განაცხადა, რომ აშშ უარყოფს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მილიტარიზაციას მოუწოდებს რა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

Back to top button