ახალი ამბები

კლინტონი არჩევნების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას

თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალაუფლების სრულიად დემოკრატიული გადაცემით დასრულდება, „ერთადერთი საუკეთესო" გზაა საქართველოსთვის, რათა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, გაიძლიეროს დემოკრატია და საერთაშორისო რეპუტაცია, განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 5 ივნისს საქართველოში ვიზიტის დროს.

ბათუმში კლინტონთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა ნებისმიერი დემოკრატიის "ნორმალური შემადგენელი ნაწილია" და ეს პროცესი საქართველოში უკვე მიმდინარეობს. მან ამის მაგალითად ორი წლის წინ თბილისის მერის პირდაპირი არჩევნები და „დეცენტრალიზაციის“ პროცესი დაასახელა, რომლის ფარგლებშიც პარლამენტი თბილისიდან ქუთაისში გადადის.

5 ივნისს აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომის გახსნის შემდეგ, აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს სანაპირო დაცვას ორი საპატრულო კატარღა გადასცა, რომელთა მოდერნიზებაც აშშ–ის დახმარებით განხორციელდა. იგი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან მოლაპარაკებები გამართა, რასაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოყვა.

არჩევნები და „ძალაუფლების სრულიად დემოკრატიული გადაცემა“

მას შემდეგ, რაც აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამ ახალ მიმართულებაზე გააკეთა განცხადება, მან იქვე დასძინა, რომ საქართველოს „გრძელვადიანი უსაფრთხოება და აყვავება დიდწილად დამოკიდებული იქნება თქვენი [საქართველოს] დემოკრატიის ხარისხზე“.

მისი თქმით აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს შემდგომ ძალისხმევას რათა გააძლიეროს მისი მოქალაქეების უფლებები, თავისუფლებები და შესაძლებლობები. "ყველა ქართველი იმსახურებს, რომ ცხოვრობდეს ტოლერანტულ, დემოკრატიულ და ინკლუზიურ საზოგადოებაში“, – განაცხადა მან.

„დღეს მე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შევხვდი და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში მათი მნიშვნელოვანი როლი განვიხილე. ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ კონკურენტული ენერგიები და იდეები წარმართავენ დემოკრატიულ პროცესს; სამოქალაქო აქტიურობა, ღია დებატები და თანაბარი პირობები, მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებისკენ და შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიდიხართ“,  – განაცხადა კლინტონმა. 

„ჩვენ ველით, რომ საქართველო ამ შემოდგომაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს და შემდეგ, 2013 წელს მოხდება ძალაუბლების სრულად დემოკრატიულად გადაცემა; ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა პარტიამ და ყველა კანდიდატმა პატივი უნდა სცეს პოლიტიკურ პროცესს და მზად ვართ მივესალმოთ ძლიერ ურთიერთობას მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს“, –  აღნიშნა მან.

პრესკონფერენციაზე თავის გახსნით სიტყვაში სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ–ის მხარდაჭერას საქართველოს გადარჩენისთვის "ფუნდამენტური" მნიშვნელობა აქვს.

მან განაცხადა, რომ მისი მთავრობა "მოწოდებულია ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“.

„დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამომხატველი იქნება“, – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს უმასპინძლოს, რათა მომავალი არჩევნები „რაც შეიძლება გამჭირვალედ, რაც შეიძლება სამართლიანად ჩატარდეს და რაც შეიძლება სანდო იყოს“. სახელმწიფო მდივანი მიესალმა საქართველოს ინიციატივას გრძელვადიანი საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის თაობაზე და იქვე დასძინა რომ ეს გამჭვირვალე პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილს „როიტერის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას კატეგორიულად გამორიცხოს პრემიერ–მინისტრობის შესაძლებლობა მას შემდეგ, რაც 2013 წელს მისი მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება, სააკაშვილმა ჩვეულ სტილში განაცხადა, რომ ამ თემაზე ახლა საუბრით ის „კოჭლი იხვის“ როლში შეიძლება აღმოჩნდეს რაც მას არ სურს.

„პირველ რიგში, მე უნდა ვთქვა – და ქალბატონმა კლინტონმაც ისაუბრა ამის თაობაზე – ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა ნებისმიერი დემოკრატიის ნორმალური შემადგენელი ნაწილია და სხვათაშორის, საქართველოში ეს უკვე ხდება… ჩვენ გადავეცით ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების ნაწილი, პრეზიდენტის ძალაუფლების ნაწილი თბილისის პირდაპირ არჩეულ მერს, ქვეყნის მასშტაბით პირდაპირ არჩეულ საკრებულოებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

თბილისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც 2010 წლიდან მერი პირდაპირი წესით ირჩევა. საკრებულოები ქვეყნის მასშტაბით პირველად 1998 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იქნა არჩეული.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „დეცენტრალიზაციაც“ ძალაუფლების გადაცემის პროცესის ნაწილია და დასძინა, რომ პარლამენტის დედაქალაქიდან ქუთაისში გადატანა სწორედ ამ პროცესის შემადგენელია.

„მე ვფიქრობ, საქართველომ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი განავითარა, რომელიც ინსტიტუტებზე იქნებიან ორიენტირებულნი და არა ინდივიდუალურ პიროვნებებზე“, – განაგრძო მან.

„პირველი დღიდან, რაც ამ თანამდებობაზე ვარ, მე ამ გადასარევ შესაძლებლობას მთავაზობდნენ, რომ საკუთარი თავი ნებაყოფლობით ‘კოჭლ იხვად’ ვაქციო; განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ რა ტიპის რეფორმები უნდა განვახორციელოთ და დავასრულოთ ჩემი მეორე ვადის ამოწურვამდე, მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ცდუნებას ავყვე და ეს გავაკეთო ისეთი შესანიშნავი სააგენტოსთვისაც კი, როგორიც ‘როიტერია’," – განაცხადა სააკაშვილმა.

„პროცესი მიმდინარეობს; საქართველოს დემოკრატია უფრო ძლიერდება და საბოლოო ჯამში, სწორედ ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ყველაზე მეტად ასევე მნიშვნელოვანია თუ რა იქნება ხალხის არჩევანი.

ამავე საკითხზე საუბრისას კლინტონმა განაცხადა, რომ იგი არ დაიწყებს „სპეკულაციებს ჰიპოთეტურ“ საკითხებზე და არ გააკეთებს კომენტარს სხვა ქვეყნის ლიდერის რეალობასთან დაკავშირებით.

„ნება მომეცით ხაზი გავუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც საქართველოს ლიდერები და მოქალაქეები იღებენ იყოს გამოხატულება ძლიერი ერთგულებისა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართ. ვფიქრობ ეს არის ის რაზეც ახლა პრეზიდენტიც საუბრობდა, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ინსტიტუტები უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე პიროვნებები; ინდივიდუალური ლიდერები უნდა მოდიოდნენ და მიდიოდნენ, მაგრამ ინსტიტუტები უნდა გაძლიერდეს და ამის ერთ–ერთი გზა არის ისეთი არჩევნების ჩატარება – ჯერ საპარლამენტო, შემდეგ კი საპრეზიდენტო –  რომლებიც საყოველთაოდ იქნება აღიარებული შემდგარად, ეს მრავლისმთქმელი იქნება თუ რა ეტაპზეა საქართველო მდგრადი დემოკრატიის განვითარების გზაზე“, – განაცხადა კლინტონმა.

ჟურნალისტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–დან სახელმწიფო მდივანს დაუსვა შეკითხვა რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებზე, რომელიც, მისი თქმით, მოსკოვმა საქართველოს არჩევნებს დაამთხვია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენჯერმე განაცხადა ბოლო თვეების მანძილზე, რომ რუსეთმა სპეციალურად დაამთხვია თავისი სამხედრო წვრთნები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.

„მე მჯერა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად ქართველი ხალხის ხელშია“, – უპასუხა კლინტონმა. „მიმაჩნია, რომ ისინი იქნება უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი იმ პროგრესისა, რომელსაც საქართველომ თავის დემოკრატიულ გზაზე მიაღწია. პრეზიდენტმა და მე … გამოვთქვით იმედი, რომ ეს იქნება სამაგალითო არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენტულ საარჩევნო გარემოს“, – განაცხადა კლინტონმა.

„მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რაც საქართველომ შეიძლება საუკეთესო გააკეთოს, რათა წინ წაწიოს თქვენი უსაფრთხოება, თქვენი კეთილდღეობა, თქვენი დემოკრატია, თქვენი საერთაშორისო რეპუტაცია, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც მთლიანად დემოკრატიული ტრანზიციით დასრულდება“, – განაცხადა კლინტონმა.
 
„დიახ, იქნება სამხედრო წვრთნები, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენები ამ შემოდგომაზე საქართველოს შიგნით მოხდება, როდესაც ქართველი ხალხი ხმას მისცემს. მე ვერ მოვიფიქრებ ამაზე უფრო ძლიერ მესიჯს, რომელიც ვინმეს მსოფლიოში შეიძლება გაეგზავნოს. ამრიგად, ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან ახლო კონსულტაციებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი მომენტი არის არა სხვა ქვეყნის სამხედრო წვრთნები, არამედ საქართველოს არჩევნები და ეს ილაპარაკებს უფრო ხმამაღლა, ვიდრე რომელიმე სამხედრო წვრთნა, იმის შესახებ, თუ რას უჭერენ მხარს ქართველები, თქვენი სიმტკიცის, თქვენი სიძლიერის, დემოკრატიის მიმართ თქვენი ერთგულების შესახებ“.

აშშ ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს აღიარებს

პრესკონფერენციის გახსნით სიტყვაში კლინტონმა აშშ–ის გადაწყვეტილება გაახმოვანა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმ ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს აღიარებს, რომელიც საქართველომ სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის შემოიღო.

„დღეს ჩვენ ასევე განვიხილეთ ის გზები, რომლითაც საქართველოს შეუძლია კავშირი დაამყაროს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მცხოვრებ ხალხთან, მათ შორის სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტებით და პირადობის მოწმობებით უზრუნველყოფის ჩათვლით“, – განაცხადა კლინტონმა.

„მალე აშშ–ის საელჩოები და  საკონსულოები მსოფლიოს მასშტაბით მიიღებენ ნეიტრალური სტატუსის მქონე დოკუმენტებს ამ რეგიონების ნებისმიერი მაცხოვრებლის მხრიდან, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ამერიკაში სამოგზაუროდ ან სასწავლებლად გამოიყენონ ისინი. ეს იქნება ძლიერი ნაბიჯი შერიგებისკენ და კონფლიქტის მშვიდობიან და სამართლიან მოგვარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის „მტკიცე“ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ახალი დემოკრატიული ქვეყნები საქართველოს უყურებენ“ 

პრეზიდენტ სააკაშვილსა და სახელმწიფო მდივანს შორის შეხვედრა ახლად აშენებული იუსტიციის სახლში გაიმართა – ეს ის ადგილია, სადაც მოქალაქეს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურების მიღება შეუძლია ერთ ჭერქვეშ და რომელიც საქართველოს რეფორმების ერთ–ერთი თვალსაჩინოება გახდა. ცოტა ხნის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სახელმწიფო უწყებას შექმნის, რომელიც საქართველოს რეფორმების გამოცდილების „ექსპორტს“ განახორციელებს, მათ შორის მოქალაქეების მომსახურების კუთხით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა 5 ივნისს, რომ საქართველო შესთავაზებს აშშ–ის მისი პარტნიორი გახდეს ანალოგიური რეფორმების სხვა ქვეყნებში განხორციელების საქმეში.

აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სახლი იმ დადებითი ცვლილებების ნიმუშია, რომელსაც საქართველომ ბოლო ოცი წლის მანძილზე მიაღწია. 

„ასე რომ, ბევრი ქვეყანა, კერძოდ ახალი და მებრძოლი დემოკრატიები უყურებენ საქართველოს; მათ სურთ იცოდნენ როგორ მიაღწია საქართველომ ამდენს ასეთ მოკლე დროში“, – განაცხადა კლინტონმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button