Placeholder canvas
ახალი ამბები

განათლების მინისტრმა მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან „პრინციპული შეუთავსებლობის“ მოტივით გაათავისუფლა

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თანამდებობიდან სამინისტროს პოლიტიკასა და მიმინოშვილის „პირად პოზიციას“ შორის „პრინციპული შეუთავსებლობის“ მოტივით 28 მაისს გაათავისუფლა.

მიმინოშვილის თქმით, გამოცდების პერიოდში მინისტრის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მისთვის „მოულოდნელი“, ხოლო გათავისუფლების მოტივი გაუგებარი იყო.

მან დაადასტურა, რომ თავისი კონკრეტული მოსაზრებები გააჩნდა გამოცდებსა და შეფასების სისტემაზე, რაზეც, მისი თქმით, მინისტრთან ჰქონია საუბარი, თუმცა „ხმამაღლა არსად არ განმიცხადებია“.

„ეს შეუძლებელია ჩაითვალოს ნორმალურ ქვეყანაში პრინციპულ შეუთავსებლობად,“– განუცხადა მან ტელეკომპანია „მაესტროს“ და მინისტრ შაშკინის მისამართით დასძინა: „როგორ შეიძლება ნორმალურ ქვეყანაში პრინციპულ შეუთავსებლობად გაფორმდეს ეს და ძალიან კარგი იქნება დააკონკრეტოს, რას გულისხმობდა პრინციპულ შეუთავსებლობაში“.

მიმინოშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისმა შვილმა კვირას ოპოზიციური კოალიცია "ქართული ოცნების" აქციაში მიიღო მონაწილეობა და თუ ეს გახდა მისი გათავისუფლების მიზეზი, "ეს სრულიად წამოუდგენელი რამეა".  მისი თქმით, მის ზრდასრული ვაჟს "სრული უფლება აქვს თავისი პრეფერენციები, სიმპათიები, ანტიპათიები ჰქონდეს და მე რაც არ უნდა არ ვამართლებდე მის ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მე ყოველთვის პატივს ვცემ ჩემი შვილის გადაწყვეტილებას“. მან ასევე განაცხადა, რომ ერთადერთი წყარო, საიდანაც ეს ინფორმაცია შეიძლებოდა გავრცელებულიყო, არის შვილთან სატელეფონო საუბარი.  

განათლების სამინისტრო 28 მაისს გავრცელებულ განცხადებაში "შეუთავსებლობის" დეტალებზე არაფერს ამბობს და აღნიშნავს, რომ გამოცდების ცენტრი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას უზრუნველყოფს რა საატესტატო გამოცდების შეუფერხებლად მიმდინარეობასა და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადებას.

მაია მიმინოშვილი წლებია უკვე სათავეში ედგა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ორგანიზებას უწევს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებს, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს, საჯარო სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს და ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადას. ამ ცენტრის მიერ დანერგილი ერთიანი ეროვნული გამოცდები „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გატარებულ ერთ–ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად სახელდება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button