ახალი ამბები

სააკაშვილი: ძალიან კარგი შანსები გვაქვს ნატოს მომდევნო სამიტისთვის


პრეზიდენტი სააკაშვილი და ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ჩიკაგოში პრესისთვის ერთობლივ განცხადებას აკეთებენ, 21 მაისი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საქართველო „უმაგრეს ფორმაში“ იქნება ნატოს შემდეგი სამიტისთვის და საქართველოს მიერ ალიანსის წევრობაზე უარის თქმის მიზეზი აღარ იარსებებს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

ჩიკაგოში 21 მაისს ნატოს ორდღიანი სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა თავისი წინა განცხადება გაიმეორა და აღნიშნა, რომ სამიტის ერთ–ერთი მთავარი დადებითი შედეგი ის არის, რომ საქართველო სამ ბალკანურ ასპირანტ ქვეყანასთან ერთიან კონტექსტში იქნა მოქცეული.  

„სამი ბალკანური ქვეყანა ყველა შემთხვევაში, და ეს ყველამ იცის, გახდებიან ნატოს წევრები; ამიტომ, ეს არის ძალიან სერიოზული, ამ გაგებით, წინ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მან.

„ჰილარი კლინტონმა გამოაცხადა, რომ შემდეგი სამიტი იქნება შემდგომი გაფართოების სამიტი – კონსენსუსი ამაზე ყალიბდება“, – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „მჯერა, რომ ეს იქნება ბოლო სამიტი, რომელიც არ არის გაფართოების სამიტი“.

„ალბათ შემდეგი სამიტი იქნება 2014 წელს და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ძალიან მაგარი შანსები, არასდროს არ ვყოფილვარ ამაში ასე დარწმუნებული, როგორც ახლა“, – განაცხადა სააკაშვილმა. 
 
„ჩვენი პროგრესი თუ გაგრძელდება – და ის აუცილებლად გაგრძელდება – ჩვენ უკვე ვიქნებით უმაღლეს ფორმაში იმ სამიტისთვის, როცა უბრალოდ ძალიან ძნელი იქნება იმის ახსნა, საქართველოს რატომ არ იღებენ ნატოში; რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მუშაობა“, – განაცხადა მან.

„მე ვფიქრობ, ჩვენი არაკეთილმოსურნის – გვარს არ დავასახელებ – მთავარი ინტერესი ამ პერიოდში, შემდეგ სამიტამდე, იქნება, რომ მაქსიმალურად არიოს სიტუაცია საქართველოში სხვადასხვა მექანიზმების მოქმედებით, მათ შორის არჩევნების პერიოდში, რათა თქვას: ‘როგორ შეიძლება ასეთი ქვეყნის სერიოზულად განხილვა’. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან კარგი გაკვეთილი მივიღეთ წინა წლებში, ქართველი ხალხი არის ძალიან გამოცდილი უკვე და იცის, რომ ერთი და იგივე ნაღმს ფეხი ორჯერ არ უნდა დააბიჯოს და ამ ხრიკების ძალიან კარგად ამოცნობა ვისწავლეთ. ასე რომ, ჩვენ პროგრესს გავაგრძელებთ და მივალთ იქ, სადაც აუცილებლად უნდა მივიდეთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„მაგრამ მანამდე უნდა გვესმოდეს, რომ ამ პერიოდში ნატო უკვე არის ჩვენთვის სერიოზული უსაფრთხოების ფაქტორი“, – დასძინა მან.

მისი თქმით, ნატოს აქვს „ზუსტი პოლიტიკა, რომ მყარად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ და ეს არის „გადამწყვეტი“ ფაქტორი.

„ეს არის სიგნალი ქართველი ხალხის მიმართ, მაგრამ ასევე არის სიგნალი ჩვენი მეზობლების და ჩვენი რეგიონის მიმართაც“, – განაცხადა სააკაშვილმა, „მე ვფიქრობ, ეს ძალიან პრაქტიკულ მნიშვნელობას შეიძენს ჩვენი უსაფრთოებისთვის უკვე დღევანდელი დღიდან“.    

პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად 21 მაისს პრესისთვის გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ჩიკაგოს სამიტის დეკლარაციის ძირითადი პუნქტები საქართველოსთან მიმართებაში და საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესიც აღნიშნა.

„ის ფაქტი, რომ საქართველო ერთადერთი პარტნიორი ქვეყანა იყო, რომელმაც სამიტის სამივე პარტნიორულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, საქართველოსა და ნატოს შორის განსაკუთრებული ურთიერთობის დასტურია“, – განაცხადა რასმუსენმა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ჩიკაგოს სამიტის შედეგი საქართველოსთვის გაწევრიანების კონკრეტული გზის მიღების ტოლფასია.

„საქართველომ ჩიკაგოში მიიღო ის, რაც ვერ მიიღო ბუქარესტში. ბუქარესტში მივიღეთ გაწევრიანების დაპირება, ჩიკაგოში უკვე მივიღეთ კონკრეტული გზა გაწევრიანების“, – განაცხადა ბაქრაძემ.   

ნატოს ლიდერთა ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია მიესალმება ევრო–ატლანტიკური მისწრაფების გზაზე საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელების საქმეში მიღწეულ პროგრესს და წინა დეკლარაციების მსგავსად, კიდევ ერთხელ იმეორებს ალიანსის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ერთ დღესაც ნატოს წევრი გახდება.

დეკლარაცია იმეორებს 2010 წლის ლისაბონის სამიტის დასკვნითი დოკუმენტის ფორმულირებას და აცხადებს: „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების და ასევე მომდევნო გადაწყვეტილებების ყველა ელემენტს“.

2009 წელს სტრასბურგსა და კელში გამართულ სამიტზე ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დაეხმარება საქართველოს რეფორმების წინ წაწევაში, თუმცა იმავე სამიტის გადაწყვეტილებით წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც დარჩა იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა. საქართველოს MAP–ის მიცემაზე უარი ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე უთხრეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button