
მსხვერპლით დასრულებული წყალდიდობა თბილისში
საქართველოს ხელისუფლებამ 13 მაისს პირობა დადო, რომ თბილისში შაბათ ღამეს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას თავშესაფრებს გამოუყოფს.
კვირას დედაქალაქში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებულ ორთაჭალაში ეს სამუშაოები მომდევნო რამდენიმე დღე გაგრძელდება.
- ფოტორეპორტაჟი წყალდიდობაზე
- სოციალური მედიის გამოხმაურება წყალდიდობაზე, მათ შორის ვიდეოები Storify–ის გვერდიდან.
ტერიტორია, სადაც ძირითადად პატარა ქუჩებია ძველი სახლებით და ბარაკებით, გორგასლის, გულიას და გულუას ქუჩების კვეთაზე მთიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა.
წყალდიდობის ოთხი მსხვერპლი, მათ შორის ერთი ქალი თავისი ორი მცირეწლოვანი შვილით, მას შემდეგ დაიღუპნენ, რაც პატარა სახლში ნიაღვარი შევარდა და მათ სახლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხეს, ხოლო მეხუთე ადამიანი, ხნიერი ქალბატონი ერთ-ერთ ახლომდებარე სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
სატელევიზიო კადრი, სადაც ნაჩვენებია ერთ-ერთი სახლი წყალდიდობით ყველაზე მეტად დაზარალებულ ორთაჭალის უბანში, 13 მაისი.
წყალდიდობამ შენობების პირველი სართულები დატბორა ან მნიშვნელოვნად დააზიანა, ხოლო მანქანები ამოატრიალა.
ზოგიერთი მედია საშუალება, ძირითადად უცხოური საინფორმაციო გამოშვებები, იტყობინებოდნენ, რომ წყალდიდობა ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მტკვრის კალაპოტიდან გადმოსვლას მოყვა.
თუმცა, შაბათს ღამით მტკვარი კალაპოტიდან არ გადმოსულა.
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, წყლის კოლექტორებმა ვერ შეძლეს დიდი მოცულობის წვიმის ნაკადის გატარება, რამაც დედაქალაქის ბევრ რაიონში წყალდიდობა გამოიწვია.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად დაზარალებულ ორთაჭალის უბანში დიდი მოცულობის წვიმის წყალმა ტალახი, ხეები და ნამტვრევები წამოიღო, რამაც კოლექტორის გაჭედვა გამოიწვია, შედეგად კი ღვარცოფი დასახლებისკენ წამოვიდა. მან ასევე განაცხადა, რომ კოლექტორის გამართულ მუშაობას ბარაკის ტიპის ”უკანონო” სახლებმაც შეუშალეს ხელი.
კადრში ნაჩვენებია გულუას ქუჩაზე წყალდიდობის შედეგად წამოღებული ნამტვრვებები, 13 მაისი.
პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელმაც ხუთი ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა, კვირას ყველაზე დაზარალებულ უბნებს ეწვია და ორთაჭალის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იგი თავშესაფარს დაპირდა ყველა იმ ადამიანს, ვინც წყალდიდობის შედეგად უსახლკაროდ დარჩა.
მან ასევე განაცხადა, რომ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს თბილისში ბარაკების პრობლემის მოგვარება. სწორედ ამ ტიპის სახლებში ცხოვრობდნენ ორთაჭალაში წყალდიდობის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანები.
”ასეთ პირობებში არავინ არსად, სარისკო ზონაში მითუმეტეს, არ უნდა ცხოვრობდეს, განსაკუთრებით ჩვენ სულ გვეშინოდა, რომ ძალიან დიდი ნალექი მოვიდოდა რეგიონებში გაზაფხულზე, მაგრამ დაგვარტყდა პირდაპირ თბილისის ცენტრში მოულოდნელად”, – განაცხადა სააკაშვილმა.
გულუას ქუჩაზე წყალდიდობის შედეგად მოგლეჯილი ხეები, 13 მაისი.
წყალდიდობის შედეგად ასევე დაზიანდა სასჯელაღსრულების სამინისტროს ორთაჭალაში მდებარე ადმინისტრაციის შენობა. მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინფორმაციით, წყალდიდობამ სამინისტროს ინფრასტრუქტურას, მათ შორის 30–მდე ავტომანქანას, ზიანი მიაყენა.
დედაქალაქის სხვადასხვა რაიონებში ასევე დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. წყალდიდობის ღამეს თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.
სატელევიზიო კადრი, სადაც ჩანს გულუას ქუჩაზე დატბორილი მანქანები, 13 მაისი.
შაბათს ღამით წყალდიდობამ აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონშიც დააზარალა. წყალდიდობა მოხდა დუშეთის რაიონში, ასევე ლაგოდეხის და ახმეტის რაიონებში, სადაც რამდენიმე სოფელში სახლები დაიტბორა, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და შინაური ცხოველები წყალმა წაიღო.
ძლიერი წვიმა დედაქალაქში შაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიწყო და სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ნალექის მოცულობამ 93 მილიმეტრი შეადგინა. ბოლოს ამ რაოდენობის ნალექი თბილისში 2009 წელს დაფიქსირდა.
ხელისუფლების თქმით, ზიანი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა ზუსტი საფინანსო შეფასება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)