ახალი ამბები

მერაბიშვილი: ‘ფულს სუნი არ უდის, რუსული ინვესტიციები მისასალმებელია’

  • ‘მზად ვართ ჩვენს რუს მეგობრებსაც დავეხმაროთ პოლიციის რეფორმაში’;
  • ‘ჩვენ ქართული პოლიციის რეფორმის ექსპორტს ვახორციელებთ’;
  • ‘პოლიცია საქართველოში უფრო რეიტინგულია, ვიდრე პოლიტიკური პარტიები’.


შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 26 აპრილს პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უსმენს. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

საქართველოს მიმართ მოსკოვიდან არსებული საფრთხის მიუხედავად, ინვესტიციები და ტურისტები რუსეთიდან მისასალმებელია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 26 აპრილს.

„საქართველოში ძალიან ბევრი რუსული კომპანია მოღვაწეობს; ძალიან ბევრი რუსული ინვესტიციებია“, –განაცხადა მერაბიშვილმა და დასძინა, რომ ამ ინვესტიციების 80% რუსეთის სახელმწიფო კომპანიებს ეკუთვნით.

„ფულს სუნი არ უდის; ნებისმიერი ინვესტიცია, კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი“, – მიმართა მან დეპუტატებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში გამოვიდა სიტყვით. მერაბიშვილი და კიდევ რამდენიმე მინისტრი პარლამენტში ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის „ერთობა სამართლიანობისთვის“ თხოვნით დაიბარეს.

მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „მიუხედავად რუსეთთან დაძაბული ურთიერთობისა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსეთიდან ჩვენ ყოველდღიურად ველით საფრთხეს, ჩვენ დავუჭირეთ მხარი იმ საკითხს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოღებულიყო“.

„ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა, რა თქმა უნდა, გააძლიერეს კონტროლის ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ის ნეგატიური ნაწილი ამ ინიციატივის, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა მერაბიშვილმა, „მაგრამ ფაქტი არის ერთი – ამ განცხადების შემდეგ რუსეთიდან შემომავალი ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაორმაგდა“.

მან მოუწოდა პოლიტიკოსებს სიფრთხილე გამოიჩინონ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების გარემოებების შესახებ საჯარო განცხადებების გაკეთებისას და ასევე არ გააკეთონ ისეთი განცხადებები, რომლებიც „ჩვენს მტრებს“ უწყობს ხელს. იგი ასევე შეეხო "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას ბრალდებას ხელისუფლების მისამართით საარჩევნო მიზნებისთვის არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების შექმნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ალასანიას განცხადება მოსკოვმა და სოხუმმა საბაბად გამოიყენეს, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეეტიათ.

„ბატონი ალასანიას მიერ გაკეთებული განცხადება იქნა საბაბად გამოყენებული იმისათვის, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი გამოცხადდეს პერსონა ნონ გრატად ე.წ. აფხაზეთის ტერიტორიაზე. მე მგონია, ნებისმიერი საჯარო განცხადება უნდა იყოს ძალიან მოზომილი, რათა ზიანი არ მიადგეს იმ საერთო საქმეს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, ქართული პოლიციის რეფორმა გახდა „სავაჭრო ნიშანი“ და „იმის ფონზე, როდესაც კრიმინალი ძალიან შემცირდა, თქვენს მონა–მორჩილს და მის მოადგილეებს ძალიან ბევრი დრო დარჩათ თავისუფალი საქართველოს რეკლამირებისთვის“.

მისი თქმით, ლიტვის ხელისუფლებასთან მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც „თბილისის პოლიციის ასლი, გამჭირვალე შუშის შენობა იქნება ლიტვაში და ეს იქნება პირველი ქართული რეფორმის ექსპორტი“. 

„ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ქართული პოლიციის შენობა დაიდგმება ლიტვაში“, – განაცხადა მერაბიშვილმა, რასაც მმართველი პარტიის დეპუტატების აპლოდისმენტები მოყვა.

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ ხუთ ქვეყანაში მოვახდინოთ ქართული შუშის შენობების ექსპორტი“, – განაგრძო მან, „ჩვენ მზად ვართ, თუ ამის სურვილი ექნებათ, ჩვენს რუს მეგობრებსაც დავეხმაროთ. თქვენ იცით, რომ არაერთხელ იქნა გაკეთებული განცხადება რუსეთის მაღალჩინოსნების მიერ, რომ რუსეთში აუცილებელია გამჭირვალე, შუშის შენობების აშენება“.

მან ასევე ისაუბრა იმ ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დეცენტრალიზაციას ეხება. ვარდების რევოლუციის შემდეგ შსს–ში რიგი ძალოვანი სტრუქტურები გაერთიანდნენ, დაწყებული უშიშროების და დაზვერვის სამსახურებით და დამთავრებული საზღვრის დაცვითა და საზღვაო ძალებით. მისი თქმით, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დღესდღეობით ძალოვანი სტრუქტურების გამსხვილების ტენდენცია შეინიშნება.

„ჩვენ არც ვაპირებთ – ეს არც იქნება მისაღები და არც გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დავყოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ადრე იყო, ურთიერთდაპირისპირებულ, არაეფექტურ სამსახურებად“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

პოლიციის პოლიტიზაციის შესახებ ბრალდებების საპასუხოდ მერაბიშვილმა განაცხადა: „საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და ყველამ ყველაფერი ვიცით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 87%–იანი ნდობა. საქართველოში არ არსებობს არც ერთი პოლიტიკური პარტია, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, [და მათ] გააჩნიათ გაცილებით ნაკლები რეიტინგი, ვიდრე პოლიციას“. 

„რომ არსებობს თუნდაც ინფორმაცია ან განცდა, რომ პოლიცია არის პოლიტიზირებული, მაშინ მისი რეიტინგი და ნდობა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც გააჩნია შინაგან საქმეთა სამინისტროს“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button