ახალი ამბები

სტალინის მუზეუმის სტალინიზმის მუზეუმად გარდაქმნა


სტალინის დიდი ფოტო გორის მუზეუმში იმ დარბაზის გვერდით , სადაც საბჭოთა დიქტატორის გარდაცვალების შემდეგ მისი სახიდან აღებული ნიღაბია გამოფენილი. ფოტო: Civil.ge

იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი, საბჭოთა დიქტატორის მშობლიურ ქალაქ გორში, სტალინიზმის მუზეუმად გადაკეთდება რათა აქცენტი რეჟიმის რეპრესიებზე გაკეთდეს, განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ 9 აპრილს.

სტალინისადნი მიძღვნილი მემორიალური სახლი გორში 1937 წელს გაიხსნა იმ პატარა სახლში, სადაც იგი დაიბადა; მოგვიანებით მუზეუმისთვის ახალი კომპლექსი აშენდა, რომელიც 1957 წლიდან ფუნქციონირებს. სამი განყოფილებისგან შემდგარ მუზეუმში დაცულია სტალინის პირადი ნივთები, კრემლის კაბინეტი, ხელნაწერები, საჩუქრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ასევე მისი პირადი ვაგონი ინტერიერით, რომლითაც მან იმგზავრა თეირანში, იალტასა და პოტსდამში.

მუზეუმისთვის სახელის გადაკეთება, რომელიც ტურისტებისთვის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს, მისი კონცეფციის შეცვლაზეც მიანიშნებს, თუმცა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეიქმნება მკვლევართა ჯგუფი, რომელიც მუზეუმის კონცეფციას შეიმუშავებს. სამინისტროს ცნობით, გარდაქმნილი მუზეუმი „სტალინიზმის პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ სრულფასოვნად და მიუკერძოებლად მოუთხრობს“.

"[სტალინის] ასეთი მუზეუმის არსებობა შეუთავსებელია ჩვენს დღევანდელ დღესთან და რაც მთავარია ჩვენს მომავალთან", – განაცხადა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 9 აპრილს გორში სტალინის მუზეუმში სტუმრობისას.

"მაგრამ ისტორიას ვერ წავშლით და ამიტომ ეს ძალიან ძნელი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საჭიროა კარგად გამოჩნდეს ამ კედლებში", – დასძინა მან.

განცხადება სტალინის მუზეუმის გადაკეთებასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ 9 აპრილის ტრაგედიის 23–ე წლისთავს დაამთხვია.


2012 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ პატივს მიაგებენ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

9 აპრილს, რომელიც საქართველოში დასვენების დღედ არის გამოცხადებული, ასევე აღინიშნება საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 21–ე წლისთავი.

სტალინის მუზეუმის გადარქმევის შესახებ განცხადებამდე, დაახლოებით, ორი წლით ადრე ხელისუფლებამ გორის ცენტრში სტალინის ქანდაკება აიღო.


ამ ორი ფოტოდან მარცხენა, 2011 წლის ივნისშია გადაღებული, სადაც მეცნიერებათა აკადემიის შენობის თავზე საბჭოთა დროინდელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი ჩანს, ხოლო მარჯვენა ფოტოზე, რომელიც 2011 წლის დეკემბერშია გადაღებული, ჩანს რომ საბჭოთა დროინდელი ვარსკვლავი უკვე აღებულია. 2011 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო, რომელიც „თავისუფლების ქარტიის“ სახელითაა ცნობილი და რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ზღუდავს საბჭოთა და ნაცისტური სიმბოლოების საჯაროდ განთავსებას. ფოტოები: გურამ მურადოვი/Civil.ge

2006 წელს საქართველომ თბილისის ცენტრში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გახსნა, სადაც საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების ამსახველი დოკუმენტებია გამოფენილი.

2010 წელს საქართველოს პარლამენტმა 25 თებერვალი – 1921 წელს ბოლშევიკური წითელი არმიის მიერ თბილისის აღების დღე – საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოაცხადა. ასევე 2010 წელს საქართველოს პარლამენტმა 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა – ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის დეკლარაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც 23 აგვისტო სტალინიზმის და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის ევროპულ დღედ არის გამოცხადებული.  

This post is also available in: English Русский

Back to top button