ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთის ახალმა პარლამენტმა სპიკერი აირჩია

სეპარატისტული აფხაზეთის ახალმა პარლამენტმა ვალერი ბგანბა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერად აირჩია. 3 აპრილს გამართულ პარლამენტის პირველ სხდომაზე ვალერი ბგანბამ კენჭისყრის დროს ოპოზიციური კანდიდატი რაულ ხაჯიმბა დაამარცხა.  

ვალერი ბგანბა 90–იან წლებში დეპუტატი იყო, ხოლო 2002–2006 წლებში მას გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. 2007 წელს, ხელმეორედ დეპუტატად არჩევამდე (გავრცელებული ინფორმაციით, იმ დროს იგი აფხაზეთის მაშინდელი ლიდერის სერგეი ბაღაფშის ოპოზიციაში იყო), იგი ქალაქ გაგრაში მდებარე სანატორიუმ „ამრას“ დირექტორად მუშაობდა. იგი წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ერთ–ერთი იმ ხუთი დეპუტატიდანაა, რომელთაც მარტში გამართული არჩევნების ორი ტურის შემდეგ ახალ პარლამენტში ადგილები შეინარჩუნეს.

რაულ ხაჯინბამ, ოპოზიციური „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის“ ლიდერმა, რომელმაც ბგანბას სპიკერად არჩევა მიულოცა, განუცხადა ჟურნალისტებს სხდომის შემდეგ, რომ კენჭისყრის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა და რომ ეს დიდი ხნით ადრე გადაწყდა მთავრობასა და დეპუტატების უმრავლესობას შორის გარიგების შედეგად. მან აღნიშნა, რომ ეს ფაქტიურად მთავრობის ზეწოლა იყო საკანონმდებლო ორგანოზე და სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატებმა ვერ შეძლეს შეწინააღმდეგებოდნენ ამ ზეწოლას აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

„ჩვენ ვეუბნებოდით ამომრჩევლებს [კამპანიის დროს], რომ ჩვენ მთავრობისგან დამოუკიდებელი შტო უნდა ვიყოთ და რომ არავისზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, მაგრამ, სამწუხაროდ, რეალობა სრულიად საწინააღმდეგო გამოდგა“, – იტყობინება რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახური „ეხო კავკაზა“ 3 აპრილს ხაჯიმბას სიტყვებზე დაყრდნობით.

ბგანბამ უარყო მთავრობის როლი მის არჩევაში და განაცხადა, რომ იგი მხოლოდ მიესალმება „კონსტრუქციულ ოპოზიციას“ პარლამენტში.

ასევე 3 აპრილის პირველ სხდომაზე სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა ოთხი ახალი ვიცე–სპიკერი აირჩია – წინა მოწვევის პარლამენტს სამი ვიცე–სპიკერი ჰყავდა. პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემაც და აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმაც, რომელთაც დეპუტატებს სიტყვით მიმართეს, განაცხადეს, რომ მეტი ვიცე–სპიკერებია საჭირო პარლამენტის საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერებისთვის.

„ჩვენი მიზანია მეგობრების შეძენა მსოფლიოში“, – განაცხადა ანქვაბმა, „დარწმუნებული ვარ, ოთხ ვიცე–სპიკერს ბევრი სამუშაო ექნება“.

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button