
მოსკოვი აშშ–საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე
შეერთებულმა შტატებმა ორმოცი "ჰამერი" გადასცა საქართველოს, 2011 წლის 7 ივნისს კრწანისის სასწავლო ცენტრში. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
რუსეთმა განაცხადა 27 მარტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან რეგიონში არსებულ „მშვიდობას მძიმე შედეგებს“ მოუტანს „სააკაშვილის რეჟიმის არასტაბილურობის და უპასუხისმგებლობის“ გამო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა თავდაცვის სფეროში აშშ–საქართველოს თანამშრომლობის შესახებ განცხადება მას შემდეგ წაიკითხა, რაც პრესკონფერენციაზე მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა აშშ–ის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის იარაღის 2008 წლიდან შეწყვეტილი მიწოდების განახლების თაობაზე – სავარაუდოდ, მინიშნება გაკეთდა საქართველოში აშშ–ის ელჩობის კანდიდატის რიჩარდ ნორლანდის განცხადებაზე, რომელმაც 21 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონმა M4 Carbine-ის ტიპის ავტომატური შაშხანების საქართველოსთვის მიყიდვის თაობაზე თანხმობა გასცა.
„გასულ წელს აშშ–ის საელჩომ მოსკოვში გვაცნობა იმის თაობაზე, რომ ვაშინგტონი ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ქართული კონტინგენტისთვის M4 Carbine-ის ტიპის ავტომატური შაშხანების და ჰამერის ტიპის ჯავშანმანქანების მიწოდებას გეგმავდა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით გამოხატა შეშფოთება ამერიკული მხარის ქმედებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
„როგორც ჩანს, ოფიციალური თბილისის მიერ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობა აღიქმება როგორც გამართლება საქართველოს შემდგომი რემილიტარიზაციისთვის და როგორც კიდევ ერთი საბაბი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
„პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შეიარაღება, რომელსაც ქართული კონტინგენტი ავღანეთში იყენებს, საქართველოში არ აღმოჩნდეს. როგორც 2008 წლის ტრაგიკურმა მოვლენებმა გვიჩვენეს, სააკაშვილის რეჟიმმა შესაძლოა ის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ და მათ შორის ამ ქვეყნებში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენოს,“, – განაცხადა მან.
„სააკაშვილის რეჟიმის არასტაბილურობის და უპასუხისმგებლობის გამო, სამხედრო სფეროში თბილისთან ნებისმიერ თანამშრომლობას კავკასიაში არსებული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოყვება. ამ თვალსაზრისით, კვლავაც ყურადღებით გავადევნებთ თვალყურს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ამერიკულ–ქართული თანამშრომლობის კონკრეტულ ფორმებს“, – განაცხადა ლუკაშევიჩმა.
„გარდა ამისა, ჩვენ უკვე მივაპყარით სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღება საქართველოს პორტებში აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების გემების, მათ შორის Aegis-ის სისტემით აღჭურვილი ხომალდების გახშირებულ ვიზიტებს“, – განაცხადა მან.
„როგორც არ უნდა ხსნიდნენ ამას, ნათელია, რომ ამგვარ ვიზიტებს საქართველოს ხელმძღვანელობა მისი რევანშისტული ამბიციების წახალისებად განიხილავს“, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.
ბოლოს აშშ–ის სამხედრო ხომალდი საქართველოს 2011 წლის ოქტომბერში სტუმრობდა, როდესაც ამერიკული სამხედრო ფლოტის გემი Philippine Sea ბათუმის პორტში შევიდა; მანამდე 2011 წლის ივნისში ბათუმის პორტს ცალ–ცალკე სტუმრობდნენ ამერიკული სამხედრო ხომალდები, Anzio და Monterey.
This post is also available in: English Русский