skip to content
ახალი ამბები

ლავროვი: ამერიკულ–ქართული წვრთნები ‘პროვოკაციულად გამოიყურება’


მე–4 ბრიგადის 42–ე მსუბუქი ქვეითთა ბატალიონის ქართველი ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზაზე პრესისთვის საჩვენებელი წვრთნებისას 2011 წლის 22 ივლისს, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთობლივი წვრთების Agile Spirit 2011 –ის ფარგლებში. ყოველწლიური წვრთნები Agile Spirit 2012 ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 მარტს დაიწყო. ფოტო: Civil.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ–საქართველოს ერთობლივი წვრთნები „პროვოკაციულად გამოიყურება“ და მან ეს „სერიოზული საკითხი“ ნიუ–იორკში კვირის დასაწყისში აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე დააყენა.

მას სავარაუდოდ მხედველობაში ჰქონდა ორკვირიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები ‘Agile Spirit 2012’, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 მარტს დაიწყო.

14 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე გამოსვლისას ლავროვმა განაცხადა, რომ რუსულმა მხარემ ჰკითხა აშშ–ის ოფიციალურ პირებს პრეზიდენტ სააკაშვილის იმ განცხადებების თაობაზე, რომელიც ვაშინგტონთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ეხებოდა.

„ის [სააკაშვილი] არც ისე დიდი ხნის წინ იმყოფებოდა ვაშინგტონში [იანვრის ბოლოს] და ობამასთან მოლაპარაკებების შემდეგ მან განაცხადა, რომ აშშ სრული მოცულობით აღადგენს სამხედრო თანამშრომლობას მათთან [საქართველოსთან]. ჩვენ ვკითხეთ ამერიკელებს ამის თაობაზე და გაირკვა, რომ მას [სააკაშვილს] უფრო მძაფრი შეგრძნებები აქვს იმის თაობაზე, რაც მოისმინა [პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე]“, – განაცხადა ლავროვმა.

„მე შევხვდი ჰილარი კლინტონს [ნიუ იორკში 12 მარტს] და კიდევ ერთი სერიოზული საკითხი დავაყენე – ამერიკულ–ქართული სამხედრო წვრთნები იწყება“, – განაცხადა ლავროვმა, „ამ წვრთნების სცენარი ამბოხების ჩახშობაა. ეს რაღაც პროვოკაციულად გამოიყურება“.

ლავროვის განცხადების კომენტირებისას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა 14 მარტს, რომ „ცინიზმად მიმაჩნია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20% და რომელსაც ჩატარებული აქვს ეთნიკური წმენდა და მუდმივად საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობის არსებობას, წუხილის გამოთქმა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობაზე  ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“.

„ეს არ არის მათი [რუსეთის ხელისუფლების] საქმე“, – განაცხადა ბოკერიამ.

„საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში   თანამშრომლობა ღრმავდება და ეს გაგრძელდება და ამაზე ვერც ბატონი ლავროვი და ვერც მთლიანად რუსეთის ხელისუფლება გავლენას ვერ მოახდენს“, – განაცხადა მან. 

„ეს თანამშრომლობა არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, მინდა ამას ხაზი გავუსვა“, – განაგრძო ბოკერიამ, „ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ასევე გვაახლოებს იმ საკითხებზე ურთიერთქმედების სფეროში, რასაც საერთაშორისო გამოწვევები ჰქვია“.

მან ასევე განაცხადა, რომ ისეთი განცხადებები, როგორიც ლავროვმა გააკეთა, „ცინიკურია“, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უარს აცხადებს საქართველოს ცალმხრივ პირობას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ანალოგიური ქმედებით უპასუხოს.

ბოკერიამ ასევე გააკრიტიკა რუსეთის მიერ წინაპირობების დაყენება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე.   

„რუსეთის ხელისუფლებას ქონდა და თეორიულად ახლაც აქვს შანსი ამ ნაბიჯისთვის ეპასუხა ზუსტად ანალოგიური, ადექვატური ნაბიჯით და არ დაეწყო საბაბების ძებნა და დემაგოგია, თუ რატომ არ უადვილებენ ცხოვრებას რიგით საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ბოკერიამ.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button