ახალი ამბები

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება


სატელევიზიო კადრები, სადაც ნაჩვენებია ალა ჯიოევა (მარცხნივ) და ანატოლი ბიბილოვი (მარჯვნივ) 13 ნოემბრის არჩევნებზე ხმის მიცემის დროს. 

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგანაც 11 კანდიდატიდან ვერც ერთმა ვერ მოაგროვა საკმარისი ხმები 13 ნოემბრის არჩევნების პირველი ტურის მოსაგებად.

რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 27 ნოემბერს დაგეგმილ მეორე ტურში ერთმანეთს სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი და ყოფილი განათლების მინისტრი ალა ჯიოევა დაუპირისპირდებიან.   

საარჩევნო უბნების დახურვიდან, დაახლოებით, 6 საათში გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, ჯიოევა უმნიშვნელოდ ლიდერობდა; თუმცა ორშაბათს ცესკომ განახლებული შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ბიბილოვი ხმების 25.44%–ით ლიდერობს, მას მოჰყვება ჯიოევა ხმების 25.37%–ით.

ეს ციფრები საკმაოდ განსხვავდება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნებული ეგზით პოლის შედეგებისგან, რომლის თანახმადაც, ბიბილოვი მეტი უპირატესობით ლიდერობდა; თუმცა, ეს შედეგებიც მიანიშნებდა, რომ მეორე ტური გარდაუვალი იყო.  

არჩევნების პარალელურად გამართულ რეფერენდუმზე, რომლის დროსაც ამომრჩევლებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე, სურდათ თუ არა მათ, რომ ოსურთან ერთად რუსულიც სახელმწიფო ენად გამოცხადებულიყო, 83.9%–მა დადებითი პასუხი გასცა, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ცესკომ.

მართალია ბევრი ადგილობრივი მიმომხილველი მეორე ტურს ვარაუდობდა, მაგრამ ბიბილოვსა და ჯიოევას შორის დაძაბული კონკურენცია ნაკლებად განიხილებოდა არჩევნების წინ. ლიდერად  კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი მიიჩნეოდა.

41 წლის ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც ცხინვალში დაიბადა, 1992 წელს რიაზანის უმაღლესი საჰაერო–სადესანტო სამეთაურო სასწავლებელი დაამთავრა. 1994–1996 წლებში იგი სეპარატისტული რეგიონის თავდაცვის სამინისტროს სპეცრაზმს მეთაურობდა. ბიბილოვის ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1998 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ბატალიონში სამსახურის დაწყებამდე, ბიბილოვი ორი წელი კიევში ცხოვრობდა და ერთ–ერთი საწარმოს, რომლის სახელიც არაა დაზუსტებული, კომერციულ დირექტორად მუშაობდა.

2008 წლის აგვისტოს ომამდე იგი კონფლიქტის ზონაში ჩრდილოეთ ოსეთის სამშვიდობო ბატალიონის მეთაურის მოადგილე იყო, ხოლო 2008 წლის ნოემბერში იგი სეპარატისტული რეგიონის საგანგებო სიტუაციების მინისტრად დაინიშნა.

ალა ჯიოევა ოპოზიციურ კანდიდატად მიიჩნევა, რომლის კანდიდატურაც თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა და სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერის ედუარდ კოკოითის მწვავე ოპონენტმა ჯამბულატ თედეევმა წარადგინა. თავად თედეევსაც სურდა არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მას მონაწილეობა იმ მოტივით აეკრძალა, რომ 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში. ალა ჯიოევამ განაცხადა წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რომ მან მას შემდეგ გადაწყვიტა არჩევნებში ჩაბმა, რაც ყველა „მძიმე წონიან“ ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.

ცხინვალში დაბადებული 62 წლის ალა ჯიოევა ადგილობრივ სკოლაში 20 წელიწადზე მეტხანს მასწავლებლად მუშაობდა; შემდეგ რამდენიმე წელი იმავე სკოლის დირექტორად მუშაობდა, სანამ 2002 წელს სეპარატისტული რეგიონის განათლების მინისტრად დაინიშნებოდა. 2008 წელს იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი; 2010 წელს მას ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. ჯიოევამ უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები და მათ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

‘ფსევდო–დემოკრატიული თამაშები’

საქართველო სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ კვირას გამართულ არჩევნებს „მარიონეტული რეჟიმის ფსევდო–დემოკრატიული თამაშების მორიგი მცდელობა“ უწოდა, რასაც, მისი თქმით, ერთი მარიონეტული რეჟიმის მეორეთი ჩანაცვლება მოყვება. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ე.წ. არჩევნებს „არც ჩვენთვის და არც საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია“.

ოცდაათმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ორშაბათს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დაგმობილია სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნები.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ვიდრე ცხინვალის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ ათასობით ადამიანს არ მიეცემა შესაძლებლობა დაუბრუნდეს საკუთარ სახლ-კარს და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ნებისმიერი პროცესი, მათ შორის არჩევნები, მოკლებული იქნება კანონიერ საფუძვლებს და ვერ განსაზღვრავს ცხინვალის რეგიონისა და მისი მოსახლეობის მომავალს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კოალიციამ სამართლიანობისთვის ცხინვალის რეგიონში მდებარე 12 ქართული სოფლის ომამდე და ომისშემდგომი სატელიტური ფოტოები წარმოადგინა, სადაც ნგრევის მასშტაბები ჩანს.

„ომის შედეგად სრულიად განადგურდა რამდენიმე ქართული სოფელი. სახლების გადაწვა და ნგრევა ეთნიკური წმენდის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი გახდა“, – განაცხადა კოალიციამ სამართლიანობისთვის. „სატელიტური ფოტოები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ეს ქმედებები განხორციელდა ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების აღსაკვეთად“. 

საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს, ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა გასულ კვირას საქართველოში ვიზიტის დროს, რომ ალიანსის რეაქცია სამხრეთ ოსეთის არჩევნებზე „ზუსტად იგივე იქნება, როგორიც აფხაზეთის არჩევნებზე“ 2011 წლის აგვისტოში.

„ჩვენ აშკარა არაღიარების პოლიტიკას ვახორციელებთ; ჩვენ არ გვიღიარებია და არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად… ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას“, – განაცხადა რასმუსენმა თბილისში 9 ნოემბერს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button