
გიორგი თარგამაძე: ‘საქართველოში რთული საქმეა იყო ზომიერი’
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა 6 ოქტომბერს BBC-ის გადაცემა HARTtalk–თან ინტერვიუში, რომ მისმა პარტიამ „საქართველოში კონსტრუქციულობაზე დაფუძნებული ახალი პოლიტიკური კულტურა“ დანერგა.
კითხვაზე სააკაშვილი „ცუდია თუ კარგი“ ქართული დემოკრატიისთვის, თარგამაძემ, რომელიც წამყვანმა სტივენ საკურმა წარადგინა, როგორც საქართველოს „ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი“, უპასუხა, რომ „მთლიანად კარგი ან მთლიანად ცუდი კაცი“ არ არსებობს. სააკაშვილს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს“.
მისი თქმით, ახლა როგორც ჩანს, სააკაშვილის „უარყოფითი მხარე“ გადაწონის მის „დადებით მხარეს“. შემდეგ მან განაცხადა, რომ საქართველომ ბევრს მიაღწია ვარდების რევოლუციის შემდეგ, ფუნქიონირებადი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ჩათვლით. თუმცა, რაც შეეხება უარყოფით მხარეს, განაგრძო მან, ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი სასამართლოს ნაკლებობაა.
როდესაც წამყვანი მას ჩაეძია სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, თარგამაძემ უპასუხა: „ახლა საქართველოში ძალიან რთული საქმეა იყო ზომიერი“.
„მე ყოველთვის მზად ვარ ვიმუშავო სააკაშვილთან და პარტნიორი ვიყო საქართველოს დემოკრატიის და დამოუკიდებლობის საქმეში. მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრ ხარვეზს ვხედავ მის საქციელში; ამიტომაც, ახლა ძალიან მწვავე დებატები გვაქვს საქართველოს ეკონომიკაზე, პოლიტიკურ სისტემაზე“, – განაცხადა მან.
„ჩვენ [ქდმ–მ] საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურა დავნერგეთ, რომელიც კონსტრუქციულობას ეფუძნება და არა დესტრუქციულობას… და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს სტრატეგია სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოში“, – განაცხადა თარგამაძემ.
დასაწყისიდანვე ქდმ, რომელიც თარგამაძემ 2008 წლის დასაწყისში დააარსა, შუალედურ პოზიციას იკავებდა, და თავი შორს ეკავა იმ ოპოზიციური პარტიებისგან, რომლებიც „რადიკალურებად“ მიიჩნეოდნენ. ქდმ, რომელმაც შედარებით მოკლე პერიოდში მოახერხა საკუთარი პარტიის ინფრასტრუქტურის განვითარება, ხშირად გამხდარა კრიტიკის სამიზნე იმის გამო, რომ როგორც მას ოპონენტები უწოდებდნენ, მმართველი პარტიის „სატელიტი“ იყო. ანალოგიური ბრალდებები კიდევ ერთხელ სულ ცოტა ხნის წინ გაისმა, როდესაც WikiLeaks–მა აშშ–ის დიპლომატიური ტელეგრამა გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ქდმ–ის მოტივები თბილისის მერის არჩევნებში 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს. იგივე ტელეგრამაში ნაჩვენებია ქდმ–ს ძალიან პრაგმატული მიდგომა.
„ზომიერი“ პოზიცია სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც დაიკავეს, მათ შორის ირაკლი ალასანიას ჩვენი საქართველო – თავისუფალმა დემოკრატებმა, რომელიც 2009 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა. ალასანიამ, რომელთან ინტერვიუც HARTtalk–მა 2009 წელს ჩაწერა თბილისში ქუჩის საპროტესტო აქციების დროს, ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, რომ საჭიროა საქართველოში „ახალი პოლიტიკური კულტურის“ დანერგვა. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესების „რადიკალიზაციას“ შედეგები არ მოყოლია.
ახალი მემარჯვენეები ერთ–ერთი ბოლო პარტია აღმოჩნდა, რომელიც „ზომიერების“ რიგებს შეუერთდა; პარტიამ, რომელმაც ოქტომბერში რებრენდინგი განახორციელა და თავისი პარტიის სიმბოლიკა შეცვალა, ბოლო დროს ხშირად უსვამს ხაზს „რადიკალიზმზე“ უარის თქმის საჭიროებას.
როდესაც HARTtalk–ის წამყვანმა ჰკითხა თარგამაძეს, თუ რატომ დათანხმდა ქდმ მმართველ პარტიასთან კომპრომისზე წასულიყო და შეთანხმება დაედო მასთან, რომელიც ფაქტიურად ხელისუფლებისთვის ხელსაყრელ საარჩევნო სისტემას ტოვებდა ძალაში, თარგამაძემ უპასუხა: „ჩემი პრინციპია, რომ ყოველთვის ვიყო პოლიტიკური პროცესის ნაწილი და პოზიტიური გავლენა მოვახდინო პოლიტიკურ პროცესზე“.
ქდმ–ს მსგავსად, მმართველ პარტიასთან შეთანხმებას ასევე შეუერთდნენ ახალი მემარჯვენეები, თუმცა მასზე უარი თქვა ალასანიას პოლიტიკურმა გაერთიანებამ და კიდევ ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ.
6 ოქტომბერს თარგამაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მომავალ არჩევნებზე და რუსეთთან ურთიერთობებზე ლონდონის Chatham House–ში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „საქართველო გზაჯვარედინზე“ (Georgia at the Crossroads).
ასევე 6 ოქტომბერს ფრანგულმა Le Monde–მა გამოაქვეყნა ირაკლი ალასანიას სტატია, რომელიც იწყება ფრაზით „საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება“. სტატიაში ალასანია აცხადებს, რომ საქართველოს კარგი შანსი აქვს, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი გახდეს და ეს, რომ ასე მოხდეს, მის დასავლელ მეგობრებს, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ჩათვლით, რომელიც დღეს თბილისში ჩამოდის, „შეუძლიათ იმით დახმარება, რომ საქართველოს მზარდ ავტორიტარულ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მცირე მეგობრული რჩევა მისცენ“.
This post is also available in: English Русский