ახალი ამბები

სააკაშვილი ბელარუსსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობაზე


მარცხნიდან მარჯვნივ: პრეზიდენტი სააკაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, 30 სექტემბერს. ფოტო: პოლონეთის პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსის გარეშე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ექვსი პოსტ–საბჭოთა ქვეყნისთვის “სრულფასოვანი პარტნიორობა ვერ იქნება“.

მან ეს განცხადება 30 სექტემბერს ქართველი ჟურნალისტებისთვის გააკეთა ვარშავაში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი სამიტის შემდეგ. სამიტის დროს ევროკავშირის ლიდერებმა და მათმა კოლეგებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან, საქართველოდან და უკრაინიდან მომავალი თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

ვარშავის სამიტზე ბელარუსის წარმომადგენლის ადგილი მაგიდასთან ცარიელი იყო, რადგანაც ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი მარტინოვმა მოწვევაზე უარი თქვა. ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აკრძალული აქვს.
 
სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ძალიან ცუდი“ იყო, რომ ბელარუსის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ სამიტს და მოუწოდა ევროკავშირს არ მისცეს რუსეთს უფლება, რომ ბელარუსთან დაკავშირებით ინიციატივა ხელში აიღოს. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი ამ პროცესსზე, ეს პროცესი არ ჩაუვარდეს ხელში მეორე დიდ მეზობელს, რომელიც  დაკავებულია ამ საკითხით“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ცუდი იყო, რომ დღეს არ იყო ბელარუსის წარმომადგენელი დარბაზში, ეს იყო ძალიან ცუდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი სხდომებისთვის  ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, მათ შორის დიალოგის, მოლაპარაკების გზით, ყველა სხვადასხვა ძალებთან. ევროკავშირი სწორია, რომ ელაპარაკება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე უნდა მოხდეს ოფიციალურ მინსკთან პრინციპებზე დაფუძნებული მოლაპარაკება, იმისათვის, რომ მათ ასევე დაიკავონ ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ბელარუსის ევროპული განვითარება და ეს მნიშვნელოვანია და ეს გამოვხატეთ ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად იმისათვის,რომ ევროკავშირი იყოს ამ პროცესში მნიშვნელოვანი მოთამაშე. ასე რომ, მე ვფიქრობ ამ მხრივაც, მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, მომავალში ჩვენ ეს უნდა გადავლახოთ და ჩვენ ეს გამოსავალი ვიპოვოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ევროკავშირის ოფიციალური პირები, მათ შორის წევრი სახელმწიფოების რამდენიმე ლიდერი, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ჩათვლით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს სურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის ერთობლივი დოკუმენტია, „ბელარუსზეც გაკეთებულიყო მინიშნება“. 

„მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს შეუძლებელი გახდა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ უთანხმოების გამო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ბელორუსის თემაზე ცალკე განცხადების გაკეთება მოუწიათ.

ევროკავშირის განცხადება გამოხატავს „ღრმა შეშფოთებას ადამიანის უფლებათა, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ვითარების გაუარესების გამო“, წუხს ბელარუსში მედიის თავისუფლების მზარდი გაუარესების გამო და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსთან ჩართულობის გაღრმავება პირობითია, რათა პროგრესი იქნას მიღწეული ბელარუსის ხელისუფლების მიერ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის თვალსაზრისით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button