ახალი ამბები

ლავროვი რუსეთის, როგორც მშვიდობის ‘გარანტორის’ როლზე

27 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოსკოვის, როგორც მშვიდობის „გარანტორის“ და არა კონფლიქტის მხარის როლზე საქართველოში არსებულ კონფლიქტებში და თბილისს, სოხუმს და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენებაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კავკასიაში ძალადობრივი სცენარის გამოყენების გამეორება, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა თბილისის მმართველი რეჟიმის ავანტიურის შედეგად“, – განაცხადა ლავროვმა თავისი გამოსვლის იმ ნაწილში, რომელიც პოსტ–საბჭოთა სივრცეში არსებულ კონფლიქტებს შეეხო – იგი ასევე შეეხო მთლიან ყარაბაღს და დნესტრისპირეთს.

„რუსეთი მზად არის გარანტორის როლი შეასრულოს აფხაზეთს, საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებაში, სამივე მხარის ლიდერების მიერ ადრე გაკეთებული შესაბამისი განცხადებების გათვალისწინებით. მივესალმებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ანალოგიურ ვალდებულებას აიღებენ. როგორც გარანტორები, ჩვენ მზად ვიქნებით გადავდგათ ნაბიჯები რეგიონში ძალადობის განახლების აღსაკვეთად და რომელიმე მხარის მიერ ძალის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ვიმუშავოთ ვითარების ადრეულ ეტაპზე მოსაგვარებლად საერთაშორისო სამართლის ნორმების საფუძველზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 

მოსკოვი მოუწოდებს თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან „ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმებებს“ მოაწეროს ხელი. თბილისი ამის წინააღმდეგია. შარშან რუსეთი გამოვიდა ინიციატივით, რომ ძალის არგამოყენების ცალმხრივი დეკლარაციები გაეკეთებინათ თბილისს, სოხუმს და ცხინვალს. თუმცა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი ცალმხრივი დეკლარაცია 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, მოსკოვმა კვლავ მოითხოვა მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმებების დადება; ამავე დროს იგი კვლავ ცდილობს საკუთარი თავი „შუამავლად“ და „გარანტორად“ წარმოაჩინოს და არა კონფლიქტის მხარედ. 

22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაში გამოსვლისას ეს საკითხი პრეზიდენტმა სააკაშვილმაც წამოწია. მან განაცხადა, რომ ერთი წლის თავზე, როდესაც მან პირობა დადო, რომ საქართველო „არასდროს გამოიყენებდა ძალას რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საკუთარი რეგიონების გასათავისუფლებლად“, თბილისი კვლავაც ელის მოსკოვისგან საპასუხო ნაბიჯს.

„სამწუხაროდ, დიალოგის ნაცვლად, პასუხი საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უამრავი ტერორისტული აქტის სახით მივიღეთ. დამტკიცდა, რომ თავდასხმების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, როგორც ეს სხვადასხვა საერთაშორისო სუბიექტებმა დაადასტურეს, უშუალოდ რუსეთის საიდუმლო სამსახურების ოფიცრების მიერ ხდებოდა“, – განაცხადა მან.

Back to top button