
სააკაშვილი: საგადასახადო სისტემა – სრულყოფილი არ არის, თუმცა გაუმჯობესდა
მართალია საგადასახადო და საბაჟო სისტემები სრულყოფილი არ არის, მაგრამ ბოლო დროს გაუმჯობესდა და ბიზნეთან უსამართლო მოპყრობის შემთხვევები შემცირდა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
„ჩვენ ზედმეტად გაგვიტაცა რაღაც პერიოდი ამ რეიტინგებმა, ყველგან თავს ვიწონებდით, რომ საქართველო მსოფლიოს პირველი რეფორმატორია, და კორუფციის წარმოუდგენლად დაბალი დონეა – რაც მართალია, ეს ასეა ყველაფერი, მაგრამ ერთია ქაღალდზე რაც არის და მეორეა, რაც მოხდა 2009, 2010, ომის შემდგომ წლებში; ძალიან ბევრი სამართლიანი ჩივილი მოვისმინე ბევრი მხრიდან“ გადასახადების გადამხდელებზე „უსამართლო ჯარიმების“ დაკისრების თაობაზე, განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანიამ გასულ კვირას ჩაწერა და 24 სექტემბერს გაუშვა ეთერში.
მისი თქმით, ვითარება გაუმჯობესდა მთავრობის „ახალი ეკონომიკური კურსის“ წყალობით, რაც მოიცავს ახალ საგადასახადო კოდექსს, საგადასახადო ომბუდსმენის დანიშვნას და მთელ რიგ სხვა ისეთ ინიციატივებს, როგორიცაა ალტერნატიული საგადასახადო აუდიტი და განბაჟების ახალი ობიექტები ბიზნეს–მეგობრული მომსახურების გაწევის ახალი მიდგომით, ნაცვლად გადასახადის გადამხდელთა დასაჯარიმებლად საბაბების მიზანმიმართული ძებნისა, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი.
მართალია სააკაშვილმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა იგი ცდებოდეს იმაში, რომ სიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ განაცხადა, რომ ეს საკითხი უამრავ წყაროს ეფუძნება – სხვადასხვა დაინტერესებულ პირებს, ვისაც რეგულარულად ესაუბრება ამ საკითხზე.
2009 წლის ოქტომბერში აშშ–ის საელჩოს მიერ შედგენილი კონფიდენციალური ტელეგრამა, რომელიც WikiLeaks–მა გამოაქვეყნა, საქართველოს საბაჟო და შემოსავლების სამსახურების მიერ განხორციელებული „მზარდი დრაკონული ზომების“ შესახებ იტყობინება, რომლის მიზანიც კლებადი სახელისუფლებო ხაზინის შევსება იყო. იგივე ტელეგრამა იმ ბრალდების შესახებაც იტყობინება, რომ ხელისუფლების გავლებიან პირებთან კავშირის მქონე ადამიანს საქონლის იმპორტის, განსაკუთრებით კი შაქრის და საწვავის, მონოპოლიზება შეუძლიათ, რათა შემდეგ ფასები აკონტროლონ და ამით დიდი მოგება ნახონ – ეს ბრალდება ხელისუფლების წანააღმდეგ ახლაც ხშირად ისმის.
ის რეალობა, რომ სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობებში „ხარვეზები“ არსებობდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველად 2010 წლის დეკემბერში აღიარა, როდესაც „ახალი ეკონომიკური კურსის“ შესახებ გააკეთა განცხადება. 2011 წლის მარტში, როდესაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მოხდა, სააკაშვილმა ეს საკადრო გადაწყვეტილება მთავრობის „ახალ მიდგომას“ დაუკავშირა, რომელიც გადასახადის გადამხდელების მიმართ „მაქსიმალურად სამართლიან“ მიდგომას გულისხმობდა.