ახალი ამბები

ოთხი პოლიციელი 26 მაისის მოვლენების გამო სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 26 მაისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით სულ 16 პოლიციელის მიმართ დაისვა დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის სამინისტროს ოთხი თანამშრომელი სამსახურიდან იქნა დათხოვნილი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გენერალური პროკურატურის მომართვის, ასევე მედია-საშუალებების მიერ გავრცელებული კადრების, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების საფუძველზე შეისწავლა 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა უკანონო ქმედების აღკვეთის დროს სამართალდამცველების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინარული წესდების დარღვევის ფაქტები,“– განაცხადა შსს–ის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა 15 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

"შიდა მოკვლევის შედეგად, შინაგან საქმეთა მინისტრის 14 ივლისის ბრძანებით, სამსახურიდან იქნა დათხოვნილი სამინისტროს ოთხი თანამშრომელი, თანამდებობიდან ჩამოქვეითდა ერთი თანამშრომელი, სასტიკი საყვედური გამოეცხადა სამ თანამშრომელს, ხოლო საყვედური – რვა თანამშრომელს“, – აღნიშნა მან პოლიციელთა ვინაობის დაკონკრეტების გარეშე.

უტიაშვილის თქმით, შსს–მ ამ მოკვლევის შედეგები სახალხო დამცველს გააცნო.

15 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ შსს–ის რეაგირება „მნიშვნელოვანია, თუმცა არსაკმარისი“ და ყველა ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემული პირების დასჯა წინგადადგმული ნაბიჯია და  მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მას პრევენციული ხასიათი ექნება სხვა პოლიციელთა მიმართ“, – აცხადებს ტუღუში.

მისი ინფორმაციით, დისციპლინარულ პასუხისგებაში მიეცნენ მხოლოდ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ აქციის დაშლის დროს გადაამეტეს საკუთარ უფლებამოსილებას.

“სახალხო დამცველის აზრით აუცილებელია გაგრძელდეს ძიება ყველა იმ ფაქტზე, რომელიც სახალხო დამცველისთვის გახდა ცნობილი და შესწავლის შემდგომ  რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. აღნიშნული ფაქტები შეეხებოდა იმ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ცემის ფაქტებს, რომლებიც უკვე აღარ იმყოფებოდნენ რუსთაველის გამზირზე.  ჩვენს მიერ დაფიქსირებულ უფლებადარღვევათა ნაწილი შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მათზეც განხორციელდეს ადეკვატური რეაგირება და დადგეს უფლებადამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი,“– განაცხადა ტუღუშმა.

15 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში პროკურატურა აცხადებს, რომ "გამოძიება გრძელდება ადმინისტრაციული დაკავების შემდეგ ფიზიკური ზიანის მიყენების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით".

პროკურატურის თქმით, ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ასზე მეტი პირი, მათ შორის ჟურნალისტები დაკითხნენ. 

"სამართალდამცველთა ქმედებებში იკვეთება დისციპლინური გადაცდომების ნიშნები, ხსენებული ფაქტების შესასწავლად და შესაბამისი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები  გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას", – განაცხადა პროკურატურამ შსს–ის განცხადების პარალელურად.  

 

Back to top button