
ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მოამზადებს
საარჩევნო სისტემის რეფორმის მიზნით 27 ივნისს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოსამზადებლად ინტერპარტიული ჯგუფი შეიქმნება.
ჯგუფი იმ პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება, რომლებიც შეთანხმებას შეუერთდნენ.
„ამ ჯგუფის ამოცანა იქნება ერთად გადაიტანონ მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება კანონის ენაზე", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 2 ივლისს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების პროექტის მომზადების შემდეგ ის, სავარაუდოდ ამ ზაფხულს, ვენეციის კომისიას გაეგზავნება სამართლებრივი ექსპერტიზისთვის.
"ეს არის ძალიან სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ზოგადად ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში ასახულია ყველა ის საკითხი, რომელიც წლების მანძილზე იყო მსჯელობის და დებატის თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", – განაცხადა ბაქრაძემ.
მან ეს განცხადება ახალი მემარჯვენეების ლიდერთან დავით გამყრელიძესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობასთან ერთად, საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მმართველი პარტიის შემოთავაზებას დათანხმდნენ. შედეგად, ოპოზიციურ რვიანს ორი პარტია გამოეყო. ჯგუფის დანარჩენმა ექვსმა პარტიამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
ბაქრაძესა და გამყრელიძეს შორის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიის და ახალი მემარჯვენეების მთავარი მომლაპარაკებლები, დეპუტატი პავლე კუბლაშვილი და მამუკა კაციტაძე.
This post is also available in: English Русский