
პუტინი: ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა შვეიცარიის შუამავლობით გვიხდება
“ძალიან ვწუხვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების დამყარება შვეიცარიის შუამავლობით გვიხდება, თუმცა ამისთვის თქვენი მადლობელი ვართ“, განუცხადა რუსეთის პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა შვეიცარიის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს მიშელინ კალმი-რეის 15 ივნისს შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს.
რუსეთის პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვეიცარიის საშუამავლო როლი "სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს" და ჯერ–ჯერობით მასზე უარის თქმის არანაირი წინაპირობა არ არსებობს.
როგორც პუტინის ოფიციალური ვებ–გვერდი იტყობინება, შვეიცარიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთს იმ განსაკუთრებული ნდობისათვის, რომელსაც ის შვეიცარიის, როგორც შუამავლის მიმართ, იჩენს.
შვეიცარია 2009 წლის შემდეგ საქართველოს დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს მოსკოვში და რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს თბილისში, ვინაიდან 2008 წლის აგვისტოს ომის ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია. შვეიცარიის შუამავლობით იმართება ასევე ქართულ–რუსული მოლაპარაკებები რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების თაობაზე თბილისის თანხმობის მისაღებად.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პუტინისა და კალმი–რეის მოლაპარაკებები „პირდაპირი ეხებოდა, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების საკითხს, ისე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ასპექტებს“.
ვმო–ზე 2 ივნისისთვის დაგეგმილი უკანასკნელი მოლაპარაკებები შვეიცარიული მხარის მოთხოვნით გაურკვეველი დროით გადაიდო მას შემდეგ, რაც მიშელინ კალმი–რეიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა. ამის შემდეგ ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების საკითხი პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რომში 1 ივნისს გამართული შეხვედრის დროს განიხილეს. თბილისი აცხადებს, რომ ვმო–ში რუსეთის გაწევრიანების მოთხოვნებს, რაც საზღვრების გამჭირვალობას უკავშირდება, არ გადახედავს.
This post is also available in: English Русский