
მიტინგების წესების მორიგი გამკაცრება იგეგმება
მმართველი პარტია გამოვიდა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ წესების გამკაცრებას ითვალისწინებს და რასაც უკვე მოჰყვა ოპონენტების კრიტიკული შეფასებები.
ინიციატივა, რომლის საპარლამენტო განხილვაც ჯერ არ დაწყებულა, მმართველი პარტიის ოთხმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა, კახაბერ ანჯაფარიძემ და აკაკი მინაშვილმა მოამზადა კანონმდებლობის „ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოების“ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების მიზნით.
თუმცა ამ ინიციატივაში ხელახლა არის ასახული ზოგიერთი ის ნორმა, რომელიც აპრილში საკონსტიტუციო სასამართლომ "არაკონსტიტუციურად“ ცნო და რომელიც ავტომატურად გაუქმდა.
15 ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა თავის წინასწარ შეფასებებში, რომ შემოთავაზებული ვარიანტი შეიცავს, როგორც "ბუნდოვან დებულებებს", ისე "ადამიანის უფლებების დარღვევის პოტენციურ საფრთხეს" და დეპუტატებს მოუწოდა "არ დაუშვან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება ინიცირებულ ცვლილებებზე მსჯელობისას".
კანონპროექტის ერთ–ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა 16 ივნისს განუცხადა Civil.ge-ს, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვის დაწყებამდე პარასკევს მისი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განხილვა იგეგმება. მან არ გამორიცხა კანონპროექტში რიგი შესწორებების შეტანა და ასევე განაცხადა, რომ მისი მიღება უახლოეს ხანებში არის ნავარაუდევი.
შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში დაგეგმილი ძირეული ცვლილებები მაისის საპროტესტო აქციების დაშლის შემდეგ ხორციელდება, წინა ანალოგიური შემთხვევის მსგავსად, როცა კანონმდებლობა 2009 წლის გაზაფხულზე გამართული ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ გამკაცრდა.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ აპრილში გააუქმა კანონის ის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციული შენობების, "მათ შორის სასამართლოს" შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში კრძალავდა შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას, კანონპროექტი ამგვარ პირდაპირ აკრძალვას კვლავ ძალაში ტოვებს ყველა დონის სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის და საპატიმრო დაწესებულებების შენობების, ასევე რკინიგზის სადგურების, აეროპორტების და პორტების შესასვლელებთან მიმართებაში.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ ორგანოებს, კანონპროექტის მიხედვით, იგი თავად იქნება უფლებამოსილი "დააწესოს შეზღუდვა შეკრების შენობიდან დაშორებით გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა“.
საკონსტიტუციო სასამართლომ შეკრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა დაადგინა იმ შემთხვევაში, "როდესაც ის ხელს უშლის დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას ან, როდესაც შეზღუდვა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებით არის განპირობებული".
კანონპროექტით შემოდის ასევე 100 მეტრის რადიუსის სრულიად ახალი ცნება. კერძოდ, ამ დისტანციით იკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება სამხედრო ნაწილებისა და ობიექტების შესასვლელებიდან.
კანონპროექტის მიხედვით, ასევე აკრძალულია შენობის შესასვლელების, ავტომაგისტრალების და რკინიგზის ბლოკირება. ეს ორი უკანასკნელი არსებული კანონით არ იკრძალება.
კანონპროექტში ნათქვამია, რომ აქციაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ. ეს ნორმა კანონმდებლობით ადრეც იყო გათვალისწინებული, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ აპრილში მიღებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო.
კანონპროექტში შემოდის სრულიად ახალი მუხლი, სადაც ნათქვამია: "შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება“.
2009 წლის გაზაფხულისა და მიმდინარე წლის მაისის აქციების დროს ნაციონალური ტელევიზიები ხშირად უშვებდნენ, მათი თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლების კომენტარებს, რომლებიც აქციის მიმდინარეობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
კანონპროექტის მიხედვით, მომიტინგეებს არსებულ კანონმდებლობით ამჟამად გათვალისწინებულ შეზღუდვებთან ერთად დამატებით ასევე ეკრძალებათ იქონიონ ცივი იარაღი და ისეთი "საგანი ან ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.
მაისის აქციებზე სახალხო კრების ზოგიერთი აქტივისტი დროშის ტარებითა და ისეთი ფარებით იყო აღჭურვილი, რასაც იმავდროულად პლაკატების დატვირთვა ჰქონდა.
კანონპროექტში ასევე შემოდის ახალი ნორმა, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია აქციის მიმდინარეობისას "ისტორიული, არქეოლოგიური, არქიტექტურული ან/და სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა–ნაგებობის, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალური მხარის დამახინჯება, დაზიანება ან/და მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება“.
იანვარში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან ვეტერანთა აქციის დაშლის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ „სათაყვანებელ“ ადგილზე აქციის მონაწილეებმა „გამოფინეს თავიანთი საცვალი და ბოდიში და მოშარდეს“. "თუ დემოკრატიას ეძახით ეროვნულ სიმბოლოზე მოშარდვას, ასეთი დემოკრატია არ იქნება, სანამ მე ვარ პრეზიდენტი," – განაცხადა მან 25 იანვარს.
კანონპროექტი ძალაში ტოვებს არსებულ ნორმას, რომელიც კრძალავს ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას, მათ შორის კონსტრუქციების მეშვეობით, თუ მონაწილეთა რაოდენობა ამას არ მოითხოვს.
თუმცა სიახლეს წარმოადგენს ის ნორმა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან "განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა“ – მთავრობის ჩართვას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს – უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნის და მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ მომიტინგეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება "სხვაგვარად შესაძლებელია“.
კანონპროექტი ასევე არეგულირებს იმ ნორმებს, თუ რა დარღვევების შემთხვევაში უნდა შეწყდეს შეკრება დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე და რა შემთხვევებში შეიძლება ორგანიზატორებს მიეცეთ 15 წუთი კანონის დარღვეული მოთხოვნების აღმოსაფხვრელად.
ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორს დაეკისრება პასუხიმგებლობა, ხოლო სამართალდამცავი ორგანოები დარღვევის აღმოსაფხვრელად ან შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში აქციის მონაწილეთა ინდივიდუალურ პასუხისმებლობასაც.
კანონპროექტი ასევე აუქმებს იმ ნორმებს, რომლებიც ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეკრებების გამართვის წესებს განსაზღვრავს.
კანონპროექტში ამოღებულია ის მოქმედი ნორმები, რომელიც ადგილობრივ ორგანოს უფლებას აძლევს არ მიიღოს გაფრთხილება აქციის გამართვის თაობაზე. თუმცა გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში ორგანიზატორებს შესაძლოა აქციის ჩატარების ადგილისა და დროის კორექტირების რეკომენდაცია მიეცეთ, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ სხვა აქციის გამართვა იყო უფრო ადრე დაგეგმილი.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მწვავედ გააკრიტიკეს კანონპროექტი და მას "არაკონსტიტუციური“ უწოდეს.
თბილისის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, კანონპროექტის არსებული ფორმულირებებით მიღების შემთხვევაში, ხელისუფლებას "სრულად ექნება ხელ–ფეხი გახსნილი“, როცა საჭიროდ ჩათვლის, "არ დაუშვას რაიმე ტიპის შეკრების ან მანიფესტაციის გამართვა დედაქალაქის ან სხვა ისეთი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც სახელმწიფო შენობა ნაგებობები არის განლაგებული“. მისი თქმით, წარმოდგენილი ფორმულირებებით "ვერასოდეს ვერავინ ვეღარ დაადგენს რა იყო [მიტინგის] კანონიერი დაშლა და რა უკანონო“.
ირაკლი ალასანიას პარტიამ "თავისუფალი დემოკრატები“ წარმოდგენილ ცვლილებებს „ცინიზმი და სრული უპასუხისმგებლობა“ უწოდა.
ბოლო დროინდელი საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა, დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, "შეუძლებელი გახდება მიტინგის ან მანიფესტაციის ჩატარება“, რაც, მისი თქმით, ქვეყნის "საბჭოთა კავშირის მინიმოდელად გადაქცევის პროცესის“ ნაწილია.