
სახალხო დამცველი პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიშით გამოდის
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 14 ივნისს საქართველოში 2010 წელს არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშით გამოვიდა.
თავისი გამოსვლის დასაწყისში ტუღუშმა "სინანული“ გამოხატა იმის გამო, რომ მისი აპარატი მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს პარლამენტში განსახილველად შესული კანონპროექტების ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზზე. თუმცა, მათ რეკომენდაციებს „არასათანადო ყურადღება“ ეთმობა პარლამენტის მხრიდან.
"სამწუხაროდ არცერთი მათგანი არასდროს გათვალისწინებული არ ყოფილა, რაც გვიქმნის შთაბეჭდილებას, რომ არასათანადო ყურადღება ეთმობა ჩვენი მოსაზრებების განხილვას,“ – განაცხადა ტუღუშმა, "იმედს გამოვთქვამ, რომ აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრება, რაც საშუალებას მოგვცემს საქართველოში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება გავაუმჯობესოთ“.
“თითოეული ფაქტი, რომელიც ადამიანის უფლებათა დარღვევას აღწერს, საჭიროებს არა კონკრეტული სახელმწიფო ორგანოს ადვოკატირებას, არამედ ამ დარღვევის წარმომშობი მიზეზების გაანალიზებას და ცვლილებებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ "ანგარიშში ასახული უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად, ძირითადად, სწორედ სისტემური ცვლილებებია განსახორციელებელი“.
შემდეგ მან თავისი ანგარიშის ძირითად პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა. მის გამოსვლას დეპუტატების კითხვები მოყვა.
ამის შემდეგ, დეპუტატები დებატებს გამართავენ ანგარიშზე და გადაწყვეტენ, თუ როგორი იქნება პარლამენტის რეაქცია სახალხო დამცველის ანგარიშზე. პარლამენტმა ანგარიშის საპასუხოდ დადგენილება უნდა მიიღოს. ჩვეულებისამებრ, პარლამენტი დადგენილებას იღებს ომბუდსმენის ანგარიშებზე, რომელშიც ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ორგანომ "ცნობად მიიღო“ ანგარიში. თუმცა, საპარლამენტო უმცირესობა, როგორც წესი, მოუწოდებს ხოლმე ხელისუფლებას გაითვალისწინოს ანგარიშში ასახული რეკომენდაციები და მოუწოდოს სამართალდამცველ ორგანოებს გამოიძიონ ანგარიშში ასახული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.