ახალი ამბები

გაეროში ვანუატუს წარმომადგენელი უარყოფს აფხაზეთის აღიარებას

ვანუატუს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, დონალდ კალპოკასმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.

"მე ვკითხე ჩემს დედაქალაქს [პორტ–ვილას] იყო, თუ არა ეს მართალი და მათ კატეგორიულად უარყვეს ეს,“ – განუცხადა  New York Times–ს კალპოკასმა, "არ ვიცით, ვინ არის პასუხისმგებელი იმ განცხადებაზე, რომ ეს სიმართლეა. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ საქართველოსთან გვაქვს საქმე და არა აფხაზეთთან“.

"ეს ცილისწამებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს უპატივცემულობაა,“ – დასძინა მან.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა 31 მაისს, რომ ვანუატუმ აფხაზეთი აღიარა და კვლავ დაჟინებით აცხადებს, რომ აღიარება, რომელსაც ვანუატუს პრემიერ–მინისტრმა მოაწერა ხელი, იურიდიულად მოქმედია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა 2 ივნისს, რომ მას აქვს ინფორმაცია ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების შესახებ.

"ჩვენ დეტალებს ვარკვევთ,“ – განაცხადა მან, "მივესალმეთ ამ ნაბიჯს… ვფიქრობთ, რომ ეს აფხაზეთის ახალგაზრდა დიპლომატიის წარმატებაა“.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button