
საკრებულომ უარყო ოპოზიციის ინიციატივა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომისიის შექმნაზე
თბილისის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა, საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის თინა ხიდაშელის ინიციატივას 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეთა დაშლასთან დაკავშირებული და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე.
ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანა კენჭისყრის შედეგად ჩავარდა, რის შემდეგაც საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. დემარშის დროს მცირე დაპირისპირების ინციდენტი მოხდა საკრებულოს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის.
"ამ ქალაქში განხორციელდა ძალადობა და შეუძლებელია ეს ისე გაგვეტარებინა თითქოს არაფერი მომხდარა,“– განუცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, დღესდღეობით ადვოკატებს 26 მაისს საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ და ამასაც სჭირდება გამოძიება, რათა ყველაფერს „კვალიფიციური პასუხი“ გაეცეს.
საკრებულოს წევრებმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ მათ ოპონენტებს ამ სიტუაციის „საკუთარი პიარისთვის“ გამოყენება სურდათ. მათი განცხადებით, დამატებითი კომისიების შექმნის საჭიროება არ არსებობს, რადგან საკრებულოში ისედაც ფუნქციონირებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია.