
ბაქრაძე: ვაპირებთ სრული სერიოზულობით მივუდგეთ სახალხო დამცველის ანგარიშს
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტი აპირებს "მართლაც სრული სერიოზულობით“ მიუდგეს სახალხო დამცველის უკანასკნელ ანგარიშს, რომელშიც "ძირითად პრობლემას“, მისი თქმით, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსად, საპატიმროებში ადამიანთა მდგომარეობა წარმოადგენს.
“სწორედ ამიტომ პარლამენტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში ყველა შესაბამისი კომიტეტი შეისწავლის მაქსიმალურად დაწვრილებით ამ საკითხს, კომიტეტზე დაბარებულები იქნებიან სასჯელაღსრულების მინისტრი და სამინისტროს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები, და მას შემდეგ რაც კომიტეტზე მოხდება ყველა პოზიციის შეჯერება, საკითხი გამოვა პლენარულ სხდომაზე,“– განუცხადა ჟურნალისტებს ბაქრაძემ 9 აპრილს.
“ვაპირებთ მართლაც სრული სერიოზულობით მივუდგეთ სახალხო დამცველის ანგარიშს,“– აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ მასში ასახული "ძალიან ბევრი პრობლემა“ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან "თანხვედრაშია“.
ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის თანახმად, სახალხო დამცველის ანგარიშზე პარლამენტის რეაგირება ამ დოკუმენტის "ცნობად მიღებით“ მთავრდებოდა მიუხედავად ოპოზიციური ჯგუფების მოწოდებისა, რომ მმართველ პარტიას მიეღო დადგენილება, რომელიც მოუწოდებდა მთავრობას ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულებისკენ.