ახალი ამბები

სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა 31 მარტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2010 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ყველაზე მეტი ყურადღება 519–გვერდიანი ანგარიშის იმ დიდ ნაწილს ეთმობა, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში არსებულ ვითარებას მიმოიხილავს. დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან აცხადებენ, რომ ანგარიშის დასკვნები "საკმარისზე მეტია“ იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ანგარიშის თანახმად, შარშან პენიტენციალურ სისტემაში არაადეკვატური ჯანდაცვის მომსახურების გამო 142 პატიმარი დაიღუპა, რაც 56%–ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2010 წელს გარდაცვლილ პატიმართა, დაახლოებით, 70%–ის ასაკი 21–დან 50 წლამდე მერყეობდა.

წინა ანგარიშის მსგავსად, ახალ ანგარიშშიც ხაზგასმულია ციხის საკნების გადატვირთულობის პრობლემა.

"პატიმრების რაოდენობამ ბოლო წლებში იმ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, რომელიც სხვა, უფრო გლობალური ზომების გატარებას მოითხოვს“ და ციხეების გადატვირთულობის პრობლემა მხოლოდ ახალი დაწესებულებების აშენებით არ მოგვარდება, ნათქვამია ანგარიშში.

2011 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში სულ 23 684 პატიმარი იყო განთავსებული, მათ შორის 201 არასრულწლოვანი; ერთი წლით ადრე პატიმართა რაოდენობა 21 098–ს შეადგენდა, ხოლო 2004 წელს – მხოლოდ 6 654–ს.

ქვეყნის მასშტაბით არსებული სასჯელარსრულების 19 დაწესებულების მთლიანი ლიმიტი 24 720–ს შეადგენს.  

ანგარიშის თანახმად, პატიმართა რაოდენობის ზრდის არსებული ტენდენციის გამო, მოსალოდნელია, რომ გადატვირთულობის პრობლემის წინაშე ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულება დადგეს.

სახალხო დამცველი თავის ანგარიშში მოუწოდებს ხელისუფლებას სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკის ლიბერალიზაცია მოახდინოს, თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიულ, უფრო მსუბუქ სასჯელის სახეებს მიანიჭოს პრიორიტეტი და შესაბამისი ცვლილებები განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში,  რათა ამჟამად მოქმედი შეკრებითობის პრინციპი შთანთქმის პრინციპით შეიცვალოს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლება ხშირად ზერელედ ეკიდება დაკავებული პირების წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებების გამოძიების საკითხს – ამგვარ საქმეებზე გამოძიება თითქმის ყოველთვის ატარებს ფორმალურ ხასიათს და ხშირ შემთხვევებში მთავრდება საქმის შეწყვეტით,  ან წლების განმავლობაში გამოძიების გაჭიანურებით. დოკუმენტის თანახმად, უმეტეს შემთხვევებში გამოძიება იწყება არა წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის გამო, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით, რაც სამოხელეო დანაშაულს წარმოადგენს და გაცილებით უფრო მსუბუქ სანქციას ითვალისწინებს.

ანგარიშის თანახმად, არსებობს შემთხვევები, როდესაც სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა ინიშნება ისეთ დროს, როცა დაზარალებულს აღარ აღენიშნება დაზიანებები – მომხდარიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პატიმრებში გაჩნდა „შიშის სინდრომი“, ვინაიდან ხშირად,  ჩივილის შემთხვევაში თავად პატიმრის წინააღმდეგ იწყება გამოძიება წინააღმდეგობის გაწევის კვალიფიკაციით და "დგინდება“,  რომ მიღებული დაზიანებები მის მიერვე გაწეული წინააღმდეგობის შედეგია. 

რაც შეეხება დადებით შეფასებას, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორცილებისას რაიმე პრობლემა არ შექმნიათ.

დოკუმენტში, წინა ანგარიშის მსგავსად, ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში კვალავ პრობლემად რჩება შუალედური თუ საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებულობის საკითხი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სისტემური პრობლემის აღმოფხვრა არ მომხდარა.

"2010  წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში შემოსული განცხადებებისა თუ სახალხო დამცველის ინიციატივით შესწავლილი საქმეების შედეგად საერთო სასამართლოების საქმიანობაში გამოვლინდა რიგი ხარვეზებისა, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევას იწვევს. დარღვევათა უმრავლესობა ეხება საკმაოდ ფუნდამენტურ საკითხებს,“ – ნათქვამია ანგარიშში.

წინამორბედის მსგავსად, 2010 წლის ანგარიშშიც ნათქვამია, რომ კვლავ პრობლემად რჩება დაკავებულთა ცუდი მოპყრობის და პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შემთხვევები და ეს ტენდენცია განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში შეინიშნება. "ამასთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება ხდება როგორც დაკავებისას,  ისე დაკავებული პირების პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ,“– ნათქვამია ანგარიშში.

მართალია საანგარიშო პერიოდი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სახალხო დამცველი აცხადებს, რომ დაფიქსირდა შეკრების უფლების დარღვევის რიგი შემთხვევები; ამის მაგალითად ანგარიშში მოყვანილია ბუშის ქუჩის პროტესტის საქმე და 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანთა აქციის დაშლა.

ამასთან, სახალხო დამცველი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და მათი გამოსწორების საჭიროებაზე, 2009 წლის მსგავსად, 2010 წლის ანგარიშშიც მიუთითებს.

რელიგიურ უფლებებთან დაკავშირებით ანგარიში ხაზს უსვამს ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესებისა და შეუწყნარებლობის გამოვლინების აღკვეთის კონტექსტში არსებულ დადებით ტენდენციებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ 2010 წელს სახალხო დამცველისთვის რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე მომხდარი შვიდი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. ექვს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმას, რელიგიური რწმენის გავრცელებისათვის ხელის შეშლასა და დევნას, ხოლო ერთი ფაქტი ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის დარბევასთან იყო დაკავშირებული. 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც ამგვარი საქმეების გამოძიება ხულიგნობის ბრალდებით მიმდინარეობდა, შარშან მომხდარი ამგვარი შემთხვევების უმეტესობის გამოძიება პოლიციამ რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციით დაიწყო. თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თუმცა "წინა წლების მსგავსად, ამ ფაქტების გამო დაწყებული გამოძიება ხშირ შემთხვევაში გაჭიანურებულია ან შეწყვეტილია“. 

ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში ჩარევის, ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის, ხოლო რიგ შემთხვევებში, მათი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს.

ინფორმაციის თავისუფლების კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო დაწესებულებები უგულებელყოფენ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რაც ძირითადად გამოიხატება საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის გაუცემლობით ან ინფორმაციის გაცემის ვადების დარღვევით.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 4 აპრილს განაცხადა, რომ პლენარულ სხდომაზე ანგარიშს დეპუტატები მაისის დასაწყისში განიხილავენ; მანამდე კი, მისი თქმით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი დეტალურად შეისწავლის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს.

Back to top button