ახალი ამბები

ვაშაძე: კულტურული მემკვიდრეობის შესახებ თურქეთთან მოლაპარაკებები ადრე უნდა დაგვემთავრებინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, თბილისში მის თურქ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კულტურული მემდვიდრეობის ძეგლების რეაბილიტიაციის თაობაზე ანკარასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი მომზადდება ის ხელმისაწვდომი იქნება და”საზოგადოება პირველი გაიგებს ამას.”

საქმე ეხება საქართველოში რამოდენიმე მეჩეთის რეკონსტრუქციის და ერთის ხელახლა აშენების სანაცვლოდ, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოშკის, ხანძთის, იშხანის სამონასტრო კომპლექსების და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაციას.

„ამ პროცესის მთავარი მიზანი არის უპირველესად გადავარჩინოთ ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობა“,– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.  „საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დავაგვიანეთ, ცოტა კიდე უფრო ადრე უნდა დაგვემთავრებინა მოლაპარაკებები და მაშინ ის კულტურული მემკვიდრეობა რომელიც დღეს საბედნიეროდ ერთდროულად ეკუთვნის თურქეთს და საქართველოს გაცილებით უკეთეს მდგომარეპობაში იქნებოდა“.

„ვიმედოვნებ, რომ მომავალში ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კარგად ვითანამშრომლებთ,“ განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ, განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ”რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ძირძველი ისტორია.” მისი თქმით თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლები ასევე არის თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა.

”ასევე საქართველოში არსებული კულტურული ძეგლები ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობაა. განსაკუთრებით ეს ეხება აჭარას და ბათუმს, სადაც არის მუსლიმი მოსახლეობა. ეს არის ურთიერთმეზობლური ურთიერთობის კარგი ნიმუში და ის პოზიტიურად უნდა იქნას შეფასებული და განხილული,” განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

”ვიმედოვნებ რომ მომავალში ერთობლივი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში კარგად ვითანამშრომლებთ. ეს არ არის ორი ქვეყნის ურთიერთსაწინააღმდეგო საკითი, ეს არის საკითხი რომელიც აერთიანებს ორივე ქვეყნის საკუთრებას,” დასძინა მან.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ მათ ეკონომიკური თანამშრომლობის, საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმის ამოქმედებისა და კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები განიხილეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ 11 თებერვალს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ვიზიტის პირველი დღე მან ბათუმში გაატარა, ხოლო შაბათს ის თბილისში, ვაშაძის გარდა, ასევე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს.

 „ვილაპარაკეთ იმ საკითხებზე, რაც საქართველოს და თურქეთს აინტერესებს ჩვენ ერთობლივ საზღვართან დაკავშირებით, როგორ უფრო გავამარტივოთ ჩვენი მოქალაქეების მიერ ამ საზღვრის გადაკვეთა. ლაპარაკი არის ახალ სასაზღვრო გამშვები პუნქტების გახსნაზე, აგრეთვე ნებართვაზე, რომ საქართველოს და თურქეთის მოქალაქეებმა საზღვარი გადაკვეთონ პასპორტის გარეშე მხოლოდ პირადობის წარდგენის საშუალებით“.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, გამარტივებული მიმოსვლასთან ერთად, სარფში ასევე განხორციელდება „ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მიმოსვლას“. 

მინისტრების თქმით, მათ ასევე  ისაუბრეს იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს და თურქეთის მონაწილეობით, ასევე  განიხლიეს კავკასიის და შავი ზღვის რეგიონალური საკითხები და ნაბუქოს გაზსადენის პროექტი.

მსგავსი/Related

Back to top button