
პრეზიდენტი დეპუტატებს ყოველწლიური მოხსენებით მიმართავს
პრეზიდენტი სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს 18 საათზე წარსდგება.
მის გამოსვლას პოლიტიკური დებატები მოჰყვება, რომლის დროსაც, წინასწარ შეთანხმებული რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას დაეთმობა 45–45 წუთი, 15–15 წუთიანი რეგლამენტით ისარგებლებენ ფრაქციათა ლიდერები, ასევე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნებათ ვიცე–სპიკერებს და უმცირესობის გარეთ დარჩენილ დამოუკიდებელ დეპუტატებსაც.
“ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ პარლამენტში ველოდოთ აქტიურ და მწვავე დებატებს,“– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა იქნება „კომპლექსური“, რომელშიც წარმოდგენილი იქნება „კონკრეტული ხედვები“ პრობლემების დაძლევისა დ ქვეყნის განვითარების შესახებ.
პრეზიდენტის გამოსვლას ტრადიციულად დაესწრებიან მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.