
სემნები: სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისთვის „მთავარ საფრთხეს“ კონფლიქტები წარმოადგენს
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პიტერ სემნები ეუთოს მუქმივმოქმედ საბჭოს მიმართავს, 10 თებერვალი. ფოტო: ეუთო/სარა კროზერი |
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ რეგიონში ევროკავშირის და ეუთოს გაძლიერებული ჩართულობისკენ და კონფლიქტის პრევენციის ზომებში "ადამიანურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიდგომის“ გაძლიერებისკენ მოუწოდა.
10 თებერვალს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას სემნებიმ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში არსებული მოუგვარებელი კონფლიქტები "რეგიონის სტაბილურობის მთავარ საფრთხედ“ რჩება და იქვე დასძინა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებულ შეშფოთებას მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება იწვევს.
"ევროკავშირმა უნდა განაგრძოს თვალშისაცემი, მძლავრი და თანმიმდევრული ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში,“ – განაცხადა მან.
მისი თქმით, კონფლიქტის პრევენცია ”აუცილებელ პრიორიტეტად რჩება”. სემნებიმ განაცხადა, რომ კონფლიქტების პრევენციისთვის არსებული პოლიტიკური მიდგომების გარდა, რომელიც მოლაპარაკებებს და ადგილზე მისიების განთავსებას მოიცავს, აქცენტი ასევე უნდა გაკეთდეს ”ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მიდგომაზე.”
"ამგვარი მიდგომა პიროვნებების როლზე ახდენს ფოკუსირებას და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სხვადასხვა მექანიზმების გამოყენებას გულისხმობს, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, რაც სამოქალაქო კულტურის ამაღლებას და ხალხებს შორის დიალოგის საშუალებას იძლევა,“ – განაცხადა სემნებიმ.
"აუცილებელია რომ საერთაშორისო აქტორებმა კონფლიქტების სტაბილიზაციისკენ, მართვისკენ და მოგვარებისკენ მიმართული ძალისხმევა განაგრძონ. კერძოდ, ეს გულისხმობს ეუთოს ძლიერ ჩართულობას მთელი რეგიონის მასშტაბით,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოში ეუთოს მისიის დახურვამ უარყოფითად იმოქმედა ორგანიზაციის პარტნიორებზე.
ეუთოს მისია საქართველოში მას შემდეგ დაიხურა, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი მანდატის გაგრძელება დაბლოკა.
ევროპელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ ეუთო ევროკავშირის მთავარ პარტნიორად რჩება სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების სფეროებში.
"ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროა ეუთომ იპოვოს გზა, რათა აღადგინოს ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული საქმიანობები საქართველოში. ეს საქმიანობა არ უნდა იქცეს კონლიქტის დღის წესრიგის მძევლად. მისიის შეწყვეტამ ვაკუუმი შექმნა არა მხოლოდ კონფლიქტის პრევენციის და მოგვარების სფეროში, არამედ დემოკრატიზაციის და ადამიანის უფლებათა სფეროშიც,“ – განაცხადა მან.
9 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე ვენაში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმის წინაშე წარსდგა სიტყვით. ეს ფორუმი ეუთო-ს შემადგენელი ნაწილია და ის ყოველკვირეულად იკრიბება, რათა ეუთო-ს მთელ სივრცეში უსაფრთხოების სამხედრო ასპექტები განიხილოს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვაშაკიძემ ეუთო-სა და ამ ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სეპარატისტული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის შესახებ.
"ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების განლაგებისა და შემადგენლობის თაობაზე. განსაკუთრებული აქცენტი იქნა გაკეთებული ახლადშემოყვანილი შეტევითი ტიპის შეიარღებაზე,“ – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ "ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ’ეფექტური კონტროლის’ განხორციელებას, რისი დასტურიცაა რუსეთის მოქალაქე სამხედრო და უსაფრთხოების ოფიცრების დანიშვნა სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების სტრუქტურებში“.
"ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედარებითი სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია ამ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივად ინფორმირება. აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს რწმენას, რომ ვენაში გაკეთებული მოხსენება გახლდათ მიზანშეწონილი და შედეგიანი,“ – განაცხადა საგარეო უწყებამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)