ახალი ამბები

საქართველომ ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა

საქართველომ წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფოსთან – ტუვალუსთან დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობები დაამყარა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

ჯერ კიდევ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამდე, საქართველოს მთავრობამ გასული წლის სექტემბერში მიიღო გადაწყვეტილება ტუვალუსთვის ფინანსური დახმარების სახით 12 000 აშშ დოლარი გამოეყო.

ტუვალუ იყო იმ 50 ქვეყანას შორის, რომელმაც შარშან სექტემბერში მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც აღიარებს ყველა დევნილისა და ლტოლვილის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში თავიანთ სახლებში დაბრუნების უფლებას.

ეს რიგით 25–ე სახელმწიფოა, რომელთანაც საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

შესაბამის ოქმს 4 თებერვალს ხელი მოაწერეს გაეროში საქართველოსა და ტუვალუს მუდმივმა წარმომადგენლებმა ალექსანდრე ლომაიამ და აფელე პიტამ, რომელთაც ამის შესახებ გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს აცნობეს. ოქმის თანახმად, "მხარეები იხელმძღვანელებენ მეგობრული ურთიერთობების, ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვეობის პრინციპებით“.

 

Back to top button