ახალი ამბები

სააკაშვილი მოუწოდებს დასავლეთს მოსკოვი მოლაპარაკებებზე დაითანხმოს

სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოდის, 2011 წლის 6 თებერვალი. ფოტო: კაი მიორკი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 6 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მის მოწოდებებს დიალოგისკენ მოსკოვმა "რუსული ძალების მიერ უკანონოდ ოკუპირებულ“ საქართველოს რეგიონებში შემდგომი სამხედრო ზრდით უპასუხა.

თავის გამოსვლაში მან კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს ძალის არგამოყენების პირობა და მოუწოდა ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს "მოლაპარაკებების მაგიდასთან ის ხალხი შეკრიბოს, ვისაც სჯერა სამხედრო ძალის უზენაესობის ამ პატარა რეგიონში“.

"დღეს აქ მარტივი გზავნილის გასამეორებლად მოვედი. მშვიდობა ერთადერთი გადაწყვეტაა, ხოლო ყოვლისმომცველი პოლიტიკური დიალოგი – ერთადერთი გზა მის მისაღწევად,"– განაცხადა სააკაშვილმა.

"მაგრამ დღემდე, როგორ პასუხობდნენ რუსეთის ლიდერები ჩვენს მოწოდებას? მათ არა მხოლოდ უარი თქვეს ძალის არგამოყენებაზე, მათ ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო შეიარაღების ზრდით გვიპასუხეს, განაცხადეს რა ჩვენი დედაქალაქიდან 50 მილში თავდასხმითი შეიარაღების განთავსების შესახებ“. 

მან გააფრთხილა, რომ იმ ფაქტის იგნორირება, რომ "კარგად ცნობილი უცხო ქვეყანა" სამხედრო ძალების კონცენტრირებას განაგრძობს, "მომავალში კატასტროფამდე მიგვიყვანს“.

"ევროპელებისა და ამერიკელების ჩართულობა აუცილებელია,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "თქვენი დახმარებით, დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, რომ რეგიონი, რომელსაც დომინირების მოძველებული ლოგიკა ახასიათებს, თანამშრომლობისა და პროგრესის სივრცედ ვაქციოთ“.

ერთი დღით ადრე იმავე კონფერენციაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "ქრონიკული კონფლიქტების“ მოგვარება საერთო ინტერესს წარმოადგენს. "ამ მიზნით, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ორმაგ სტანდარტებზე და ობიექტურები ვიყოთ თითოეული სიტუაციის მიმართ და ამავე დროს გავითვალისწინოთ ყველა მხარის პოზიციები,“ – განაცხადა ლავროვმა.

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი 5 თებერვალს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის კევინ რადს შეხვდა.

მიუნჰენში სააკაშვილი ასევე შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტს მიშელინ კალმი–რეის. შვეიცარია რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „ერთ–ერთი მთავარი თემა“, რომელიც მიშელინ კალმი–რეისთან შეხვედრაზე იქნა განხილული, იყო შვეიცარიის, როგორც მედიატორი ქვეყნის როლის გააქტიურება საქართველოს და რუსეთს შორის.

 

 

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button