ახალი ამბები

სოხუმში სტუმრობის შემდეგ სემნები თბილისში ჩამოვიდა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები 27 იანვარს სოხუმში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრემიერ–მინისტრთან სერგეი შამბასთან გამართა მოლაპარაკებები, იტყობინება “აფსნიპრესი“.

შამბას განცხადებით, სოხუმი მზადაა ევროკავშირთან ურთიერთობებისათვის, თუმცა არა საქართველოს გავლით.

მისი თქმით, რეგიონი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, წყალმომარაგების სისტემის აღდგენა, გარემოს დაცვა და ა.შ.

“თუმცა ჯერ, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების განცხადებებისა, არაფერ კონკრეტულზე არ მიდის საუბარი,“– განაცხადა შამბამ.

ცოტა ხნის წინ სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკრიტიკა აღიარების გარეშე ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით სოხუმი "სკეპტიკურად“ არის განწყობილი. 

“აფსნიპრესის“ თანახმად, პიტერ სემნებიმ სოხუმში სტუმრობისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი  არ აღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმის ევროკავშირის ერთგულებას და აქვე აღნიშნა, რომ „ჩართულობის“ პრაქტიკულ განხორციელებას შესაბამისი „პირობებისა და სტრუქტურების“ შექმნა სჭირდება.

იმავდროულად, მან წამოწია ზემო კოდორის ხეობაში დევნილთა დაბრუნების თემა. „საჭიროა იქ შეიქმნას პირობები, რათა ადამიანებმა შეძლონ დაბრუნება,“– იუწყება "აფსნიპრესი“ სემნების სიტყვებზე დაყრდნობით.

შამბას განცხადებით, დევნილთა დაბრუნება, რაც „ჩვენი შიდა პრობლემაა“ და ჰუმანიტარული პროექტები ორი სხვადასხვა საკითხია, რომლებიც ერთმანეთს არ უკავშირდება.

სოხუმიდან პიტერ სემნები თბილისში ჩამოვიდა. დღეს დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.

Back to top button