
ევროკავშირის ახალი ელჩი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება
ევროკავშირის ახალი ელჩი საქართველოში, ბულგარელი დიპლომატი ფილიპ დიმიტროვი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.
დღეს ელჩი ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
26 იანვარს ფილიპ დიმიტროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მან ელჩს იმ ფინანსური დახმარებების მიზნობრივად ხარჯვის გადამოწმება სთხოვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან მიიღო.
“ძირითადად ელჩები არიან მარტო სააკაშვილის ლობისტები და მეგობრები, ისინი ხელისუფლების ინტერესებს ითვალისწინებენ და არა ქვეყნის, იმედი მაქვს მომავალში ასეთი შერჩევითი ურთიერთობები ოპოზიციასთან აღარ გაგრძელდება,”- განუცხადა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს.
25 იანვარს ევროკავშირის ახალი ელჩი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
იმავდროულად, „დემოკრატიული მოძრაობა“ 27 იანვარს იტყობინება, რომ ნინო ბურჯანაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დავოსში გაემგზავრა.