
თბილისი მიესალმა ევროპარლამენტის რეზოლუციას შავი ზღვის რეგიონზე
რუქა The Oil & Gas Journal–დან |
თბილისი მიესალმა ევროპარლამენტის მიერ 20 იანვარს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს შეიმუშაოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რათა განსაზღვროს "ყოვლისმომცველი მიდგომა“ ამ რეგიონში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
ევროპარლამენტის რეზოლუცია სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირს "უფრო პირდაპირი ჩართულობისკენ“ და „მოლაპარაკებებში და სამშვიდობო პროცესებში წამყვანი როლის“ შესრულებისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, რეზოლუცია მოუწოდებს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კეტრინ ეშტონს "გააძლიეროს თავისი ზეწოლა რუსეთზე, რათა მან სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საქართველოსთან კონფლიქტის მოგვარებისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით“.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები ყოველდღიურად ხდება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში“ და მოუწოდებს ევროკავშირს "აქტიური რეაგირება მოახდინოს შავი ზღვის რეგიონში მომხდარ ადამიანის უფლებათა თითოეულ დარღვევაზე“.
რეზოლუციის მიღებიდან ცოტა ხანში გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის "დიდად აფასებს შავი ზღვის სტრატეგიის შემუშავების ინიციატივას“.
"ხაზგასასმელია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს რეგიონები "ოკუპირებულ ტერიტორიებად" მოიხსენია,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.
კონფლიქტებთან დაკავშირებით, რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატის და ევროპის სახალხო პარტიის წევრის ტრაიან უნგურეანუს მოხსენებაზე დაყრდნობით მომზადდა, ასევე მოუწოდებს ევროკავშირს გააძლიეროს მონიტორინგის სისტემები და განავითაროს ადრეული შეტყობინების სისტემა, როგორც კონფლიქტის პრევენციის და ნდობის აღდგების საშუალება შავი ზღვის რეგიონში.
ენერგო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რეზოლუცია ხაზს უსვამს სამხრეთ დერეფნის და ასევე ევროპაში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების "მნიშვნელობას“ AGRI პროექტის ფარგლებში.
პროექტის თანახმად, რომელიც ცნობილია სახელწოდებით Azerbaijan, Georgia, Romania Interconnection (AGRI), აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი გაზსადენით მიეწოდება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს, სადაც მისი გათხევადება მოხდება; კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიან, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით მისი ევროპაში ექსპორტი მოხდება.