ახალი ამბები

საქართველომ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო

დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რესურსები აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებით "ამოწურულია".


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის ორგანიზებით 17 იანვარს პარიზში დახურული მოსმენა გაიმართა, სადაც "რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების“ საკითხი იქნა განხილული.

საპარლამენტო ასამბლეაში გამართული მოსმენა ქართულმა დელეგაციამ გააკრიტიკა, ვინაიდან ქართველმა დეპუტატებმა ჩათვალეს, რომ შეხვედრა იყო რუსეთის მცდელობა მოეგვარებინა იმ რეზოლუციებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რომლებიც PACE-მ აგვისტოს ომთან მიმართებაში მიიღო.

‘წარსულზე აღარ უნდა ვიკამათოთ’  

შეხვედრაში, რომელიც შვეიცარიელი დეპუტატის და PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის დიკ მარტის ინიციატივით გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს PACE-ს პრეზიდენტმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებმა, ასევე PACE-ში რუსული დელეგაციის წარმომადგენლებმა.

PACE-ს ინფორმაციით, დახურულ კარს მიღმა გამართულ მოსმენაზე განხილულ იქნა ჰუმანიტარული სიტუაცია, ასევე ომის შედეგების აღმოფხვრის პერსპექტივები და ამ კუთხით საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული სამი რეზოლუციის განხორციელება.   

მოსმენის შემდეგ PACE-ს პრეზიდენტის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადება გამოქვეყნდა, სადაც მან განაცხადა: „ჩვენ აღარ უნდა ვიკამათოთ წარსულზე  – საჭიროა მომავალზე ვიმსჯელოთ“.

„მომავლის შენების ქვაკუთხედი, რა თქმა უნდა, არის კონფლიქტის ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარება საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების, ასევე თავისუფლებების და უფლებების უზრუნველყოფის გზით. სანამ არ გამოინახება ეს ხანგრძლივი მოგვარება, კონფლიქტი კვლავაც შეუქმნის საფრთხეს მთელი რეგიონის სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას,“ – განაცხადა მან. 

"ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვაგვაროთ იმ მოსახლეობების საცხოვრებელი პირობები, ადამიანის უფლებები და პერსპექტივები, რომლებზეც ამ კონფლიქტებმა პირდაპირი ზეგავლენა იქონია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით მიზანმიმართულები და შეთანხმებულები, ჩვენ შევძლებთ და უნდა მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგებს ომის შედეგების ამ „ჰუმანიტარულ განზომილებაში“ შემდგომი გაჭიანურების გარეშე,“ – დასძინა PACE-ს პრეზიდენტმა.

2008 წლის ოქტომბრის შემდეგ ასამბლეა დროდადრო განიხილავს საკითხს, რომელიც PACE–ში "საქართველოს და რუსეთს შორის ომის შედეგების“ სახელწოდებითაა ცნობილი. PACE–მ 2008 წლის ოქტომბერში მიიღო რეზოლუცია  ომის შედეგებზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მოუწოდა რუსეთს უარი თქვას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე.

მას შემდეგ PACE–ს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს და რუსეთის მიერ რეზოლუციის პირობების შესრულებას ადევნებს თვალს. იმავე საკითხზე მოგვიანებით PACE–მ კიდევ ორი რეზოლუცია მიიღო – ერთი 2009 წლის იანვარში, ხოლო მეორე 2009 წლის სექტემბერში. ბოლო დოკუმენტი მოუწოდებდა რუსეთს 2009 წლის ბოლომდე შეესრულებინა რეზოლუციით აღებული ვალდებულებები.

PACE–ში საქართველოს დელეგაცია ცდილობდა ეს საკითხი მუდმივად დაეყენებინა ასამბლეის დღის წესრიგში და ორგანიზაციას იმისთვის იყენებდა, რომ ზეწოლა მოეხდინა რუსეთზე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. მოსკოვი ამ ვალდებულებებს პოლიტიზირებულს უწოდებდა და მათ შესრულებას შეუძლებლად აცხადებდა.

PACE–ს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარე დიკ მარტი, რომელიც დეკემბერში მოსკოვს და თბილისს სტუმრობდა, ცალკე შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, რათა "საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების“ საკითხის მოგვარება განეხილათ.

საქართველოს პოზიცია

დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა, რომელიც PACE–ში ქართული დელეგაციის წევრი და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეა, 17 იანვარს ტელეკომპანია "მაესტროსთან“ ინტერვიუში ქართული დელეგაციის სხდომაში მონაწილეობაზე უარის მიზეზებზე ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ ქართული მხარე თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი ამგვარი შეხვედრის მიმართ და უთხრა დიკ მარტის ამის შესახებ, როდესაც ეს უკანასკნელი თბილისში იმყოფებოდა. თუმცა, სკეპტიციზმის მიუხედავად, განაცხადა დარჩიაშვილმა, მაშინ ქართული მხარე დათანხმდა მონაწილეობა მიეღო შეხვედრაში იმ პირობით, რომ პარიზში დაგეგმილი მოსმენა განიხილავდა იმას, თუ როგორ აპირებდა PACE მოეგვარებინა რუსეთის მიერ სამი რეზოლუციით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

„გაჩნდა წახნაგები, რომ თითქოს ჰუმანიტარულ ასპექტებზე უნდა ყოფილიყო მხოლოდ საუბარი,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ ჰუმანიტარული საკითხების განხილვა პოლიტიკური ასპექტების გარეშე რაიმე შედეგს ვერ მოიტანს.

ქართველი დეპუტატები აცხადებენ, რომ „ერთი საეჭვო“ ელემენტი გამოიკვეთა მას შემდეგ, რაც დიკ მარტიმ დეკემბერში თბილისში ვიზიტი დაასრულა. დარჩიაშვილის თქმით, დიკ მარტიმ არ აცნობა ქართველ თანამოსაუბრეებს, რომ თბილისში ჩამოსვლამდე მოსკოვში სტუმრობისას მას რუსებმა „შემთხვევით შეახვედრეს ლანჩზე“ მარიონეტული რეჟიმების საკანონმდებლო სტრუქტურების წარმომადგენლები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამის შესახებ რუსული მედიიდან, დიკ მარტის თბილისის ვიზიტის დასრულებიდან ცოტა ხანში შეიტყვეს.

"ამ ფორმატის ინტერპრეტირება რუსეთის მხრიდან მოხდა იმდაგვარად, რომ ეს არის საშუალება, გზა, რომ ნელ–ნელა მათი წარმონაქმნები ჩაერთონ ამ პროცესში, რომ თითქოს ისინი არიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

„საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდი გაჩნდა, რომ რუსებს უნდათ გამოიყენონ ის ერთადერთი მიზნით – რომ აქცენტი რეზოლუციებიდან და მათი არშესრულებიდან გადავიდეს ამ მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლების აქეთ–იქით სიარულზე, ვითომ ისინი არიან ლეგიტიმური სტრუქტურები,“ – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ როგორც ჩანს, ამ ეტაპზე PACE–ს რესურსები აგვისტოს ომის შედეგების საკითხთან დაკავშირებით ამოწურულია.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არ გააჩნია ბერკეტები, რომ რუსეთი აიძულოს დღესვე დაიწყოს ვალდებულებების შესრულება… ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ასამბლეის გამოყენება იმისათვის, რომ გამუდმებით იყოს შეხსენება რუსეთისთვის [შეასრულოს თავისი ვალდებულებები]. მაგრამ ამავე დროს, უნდა ვიმოქმედოთ სხვა ფორმატებითაც – ჟენევის ფორმატით, ევროკავშირის ფარგლებში, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ,“ – განაცხადა დარჩიაშვილმა.

რუსეთის პოზიცია

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა განაცხადა რუსულ გაზეთ „როსიისკაია გაზეტა“–სთან ინტერვიუში, რომელიც 18 იანვარს გამოქვეყნდა, რომ პარიზში ჩატარებულმა შეხვედრამ ცხადყო, რომ PACE–ში „დაღლილობის შეგრძნება“ გაჩნდა ომის შედეგების განხილვის გარშემო. 

„PACE–ს ბევრი წევრისთვის ახლა რთულია იმის აღიარება, რომ მცდარი დასკვნა გამოიტანეს, როდესაც კონფლიქტზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს. დღეს არავინ ცდილობს ამის გაკეთებას. თუმცა, მეორე მხრივ, სამწუხაროდ, ცოტა ადამიანი თუ არის აქ, რომელიც ღიად დაეთანხმება, რომ ეს შეცდომა იყო და რომ მთლიანი პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს ეკისრება. ამიტომ, ბევრ პარლამენტარს ურჩევნია ეს ისტორიას ჩაბარდეს და რომ ახლა საჭიროა რეგიონის აწმყოსა და მომავალზე საუბარი,“ – განაცხადა კოსაჩევმა, თან იქვე დასძინა, რომ იგი ამგვარი მიდგომის წინააღმდეგია, ვინაიდან წარსულზე სწორი დასკვნების გარეშე შეუძლებელი იქნება წინსვლის მიღწევა.

მისი თქმით, პარიზის შეხვედრა იყო საგნობრივი და შინაარსიანი.

„საუბრის ტონი განსხვავდებოდა წინა საუბრებიდან; ის ბევრად უფრო კონსტრუქციული იყო,“ – განაცხადა კოსაჩევმა, „ალბათ პირველი შემთხვევა იყო კონფლიქტის შემდეგ, როდესაც მე რაღაც ოპტიმიზმი ვიგრძენი იმასთან დაკავშირებით, რომ PACE შეძლებს თავისი ადგილის პოვნას შესაბამის დისკუსიებში და რომ PACE შეძლებს ნამდვილი სარგებლის მოტანას“.

მან ასევე განაცხადა, რომ PACE–ს რეზოლუციები ომის შედეგებთან დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომელთა შესრულებაც „არარეალისტურია“ და დასძინა, რომ ეს რეზოლუციები „ჩიხამდე მიგვიყვანს“. 

„ორგანიზაციის სულ უფრო და უფრო მეტ საღად მოაზროვნე წევრს ესმის ეს,“ – განაცხადა კოსაჩევმა.

მსგავსი/Related

Back to top button