ახალი ამბები

სააკაშვილი: ვატიკანის მხრიდან საქართველოს ინტერესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის წმინდა საყდრის მადლობელია საქართველოს ინტერესების მხარდაჭერის გამო.

“მე განსაკუთრებით მადლობელი ვარ, ამის შესახებ ვუთხარი რომის პაპს, რომ ვატიკანი განუხრელად მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას,“ – განაცხადა მან, "ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, როდესაც საუბარი არის მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული რელიგიის, გავრცელებულ ეკლესიის გავლენაზე და ამ გავლენის მეშვეობით, მათ შორის საქართველოს ინტერესების მხარდაჭერაზე“.

“მე ამისთვისაც მინდა დიდი მადლობა ვუთხრა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს იმიტომ, რომ იმ პერიოდში, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხის ქვეშ დააყენეს და დადგა გავლენიანი ძალის მიერ, მხარდაჭერა გავლენიანი ძალის – რომის წმინდა საყდრის – არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მომავლისთვის და ჩვენი მომავალი ურთიერთობებისთვის,“– აღნიშნა პრეზიდენტმა.

ეს განცხადება სააკაშვილმა, რომელიც რომის პაპს ბენედიქტ XVI-ს მაისში ვატიკანში ვიზიტის დროს შეხვდა, 25 დეკემბერს, თბილისში კათოლიკურ ეკლესიაში სტუმრობისას გააკეთა, სადაც მან კათოლიკეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

“ჩემი მხრივ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ქართული სახელმწიფოს მხარდაჭერის, სიყვარულის, გვერდზე დგომის იმედი უნდა ჰქონდეს თითოეულ თქვენგანს,“– მიმართა მან კათოლიკე მრევლს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button