
პუტინი ბურჯანაძეს, ასევე ნოღაიდელს შეხვდა
დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთს პრემიერ–მინისტრს ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ცალკე შეხვედრა გამართა პუტინმა მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერთან ზურან ნოღაიდელთან.
შეხვედრების წინ პუტინი, ბურჯანაძე და ნოღაიდელი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალის გახსნას დაესწრნენ. მემორიალი საქართველოს ხელისუფლების ბრძანებით შარშან აფეთქებული ქუთაისის "დიდების მემორიალის“ სახელზე, რუსეთის ხელისუფლების შეკვეთით შეიქმნა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და ჩამოხვედით მონუმენტის გახსნაზე,“ – განუცხადა პუტინმა ბურჯანაძეს, "იმედი მაქვს, მოგეწონათ. თქვენც იღებდით მონაწილეობას ერთ–ერთი ვარიანტის შერჩევაში – როგორც გახსოვთ, ბევრი ასეთი ვარიანტი იყო. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან წარმატებულია.“
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კარგი სიმბოლური ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ურთიერთმისაღები გადაწყვეტილების ძიების გზაზე,“ – დასძინა პუტინმა.
"დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის, რომლებიც ხაზს უსვამს რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი, ნორმალური და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების მნიშვნელობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – უპასუხა ბურჯანაძემ.
"რა თქმა უნდა, არსებობს სურვილი, რომ ეს მონუმენტი ურთიერთობების ნორმალიზაციის აღდგენის დასაწყისი გახდეს – ურთიერთობებისა, სადაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ხალხების ინტერესები, ურთიერთობები, რომლებიც, პრინციპში როგორც ქართველი, ისე რუსი ხალხის სასარგებლოდ იქნება. ვინაიდან, რა თქმა უნდა, არანორმალური ურთიერთობები არ უწყობს ხელს არც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ისე იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც, სამწუხაროდ, არსებობს ამ ურთიერთობებში,“ – დასძინა მან.
ზურაბ ნოღაიდელთან გამართულ ცალკე შეხვედრაზე პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ანტირუსული განწყობილებები "საღი აზრისა და საზოგადოებების“ ზეგავლენით ნულს გაუტოლდება რიგ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
“დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები, უკანასკნელი წლების ტრაგიკული მოვლენები და ძეგლების განადგურება მხოლოდ იმასთან არის დაკავშირებული, რომ რეალურად, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელიც აირჩია საქართველოს ახლანდელმა ხელმძღვანელობამ,“– განაცხადა პუტინმა ნოღაიდელთან შეხვედრაზე.
“მჯერა, რომ დღევანდელი დღე გახდება საწინდარი რუსულ–ქართული სამომავლო ურთიერთობების. არა ორი წლის წინანდელი მოვლენები, არა ერთი წლის წინანდელი – ძეგლის დანგრევა, არამედ, ზუსტად დღევანდელი დღე,“– განაცხადა ნოღაიდელმა.
მემორიალის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ არავის ძალუძს ქართველი და რუსი ხალხების დაპირისპირება და ამის გამო, მომავალი ეკუთვნის "კეთილმეზობლურ, თანასწორუფლებიან, ნამდვილად პარტნიორულ ურთიერთობებს რუსეთსა და საქართველოს შორის“.
"ჩვენ ამისკენ გულწრფელად ვისწრაფვით,“ – განაცხადა პუტინმა.
მან განაცხადა, რომ შარშან ქუთაისში მონუმენტის დანგრევა "სახელმწიფო ვანდალიზმის სამარცხინო ფაქტი“ იყო, რამაც, მისი თქმით, "მსოფლიოში აღშფოთება გამოიწვია და პირველ რიგში, თავად საქართველოში, ვინაიდან ხალხს არ შეუძლია მათ გვერდით ყოფნა, ვინც მეხსიერებას ანგრევს“.
"მოხარული ვარ მივესალმო მოსკოვში ჩვენს სტუმრებს საქართველოდან – ცნობილ პოლიტიკოსებს, საზოგადოებრივ მოღვაწეებს, ძვირფას ვეტერანებს. ჩვენთვის რუსულ–ქართული მეგობრობა უზარმაზარ და უპირობო ფასეულობას წარმოადგენს,“ – განაცხადა პუტინმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)