ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება არმომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებული ცხელი ხაზის ჩანაწერების შესახებ

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ "ახლახან პრესაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ“ მისიას არ შეუძლია დაადასტუროს ან უარყოს საქართველოში ბოლოდროინდელი აფეთქებების სერიებში რუსეთის მონაწილეობა.

"მისიას არ გამოუძიებია ეს მოვლენები, რადგან ეს მისი მანდატით გათვალისწინებული არ არის,“ – ნათქვამია მისიის მიერ 9 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ხელთ არსებული მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც თბილისი აცხადებს, რომ შემოდგომაზე განხორციელებული რამდენიმე აფეთქების, მათ შორის ერთი წარუმატებელი აფეთქების მცდელობის უკან აფხაზეთში მყოფი რუსი სამხედრო ოფიცერი დგას, სხვა სამხილებთან ერთად მოიცავს აფხაზეთში განთავსებული რუსული ძალების მიერ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან გამოთხოვნილ ინფორმაციას არმომხდარი აფეთქების შესახებ.

შსს–მ საჯარო გახადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან მიღებული ელექტრონული წერილი, რომელიც ატყობინებს სამინისტროს, რომ მისიას ცხელი ხაზის საშუალებით დაუკავშირდა აფხაზეთში განთავსებული რუსეთის შეიარაღებული ძალების ვიცე–პოლკოვნიკი და ითხოვა ინფორმაცია საქართველოს რკინიგზის სენაკი–ფოთის მონაკვეთზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ამ კითხვით მიმართეს მისიას, სავარაუდოდ, იცოდნენ წინასწარ, რომ ეს აფეთქება იგეგმებოდა. ტელეკომპანია "რუსთავი 2“–ის მიერ 7 დეკემბერს გაშვებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ მისიისგან მიღებული ელექტრონული წერილით "კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დავალების შესრულება რუსეთის სპეცსამსახურებს პირად კონტროლზე ყავთ აყვანილი.”

"ჩვეული პროცედურის ფარგლებში, მისიამ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ცხელი ხაზის მეშვეობით შემოსული სატელეფონო ზარების ამსახველი 3 ოქტომბრის  ჩანაწერები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. ცხელი ხაზის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მონაწილესათვის. ცხელი ხაზი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციის გაზიარებისა და დაძაბულობის შემცირების საკითხებში,“ – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button