ახალი ამბები

ევროკავშირი–საქართველოს მოლაპარაკებები ბრიუსელში

ევროკავშირმა და საქართველომ 7 დეკემბერს ბრიუსელში თანამშრომლობის საბჭოს მე–11 შეხვედრა გამართეს, რომელზეც განიხილეს ევროკავშირი–საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედი გეგმის განხორციელების და ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების საკითხები.

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში შტეფან ფულემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ საქართველო "ერთ–ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორია" ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მიესალმა საქართველოს წარმომადგენლების "მიზანმიმართულობას და პროფესიონალიზმს“ ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში, რომელიც 2010 წლის ზაფხულში დაიწყო.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს, "თუ როგორ უნდა განისაზღვროს უფრო კონკრეტულად ის ძირითადი რეკომენდაციები,“ რომელთა შესრულებაც საქართველოს მოუწევს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

“ამ კუთხით მივესალმები ქართული მხარის მზადყოფნას ყველაფერი გააკეთოს ამ რეკომენდაციების შესასრულებლად და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს, ვითარების შესაბამისად,” – განაცხადა ფულემ.

საქართველოს ელჩმა ევროკავშირში სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არის "ევროკავშირის ძალიან ერთგული პარტნიორი აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში.

"ვიმედოვნებთ, რომ წარმატებას მივაღწევთ იმაში, რომ ეს პოლიტიკა ქმედითი და მნიშვნელოვანი იარაღი გახდეს რეგიონის ქვეყნების ტრანსფორმაციის მიზნით,“ – განაცხადა მან.

"ასევე ვიმედოვნებთ, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს დროულად დავიწყებთ, რადგანაც საქართველოს ეკონომიკური მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს და დაასრულოს მოლაპარაკებები და საქართველოს მთავრობა მთლიანად მზად არის ამ მიზნისთვის,“ – განაცხადა სამადაშვილმა.

იგი ქართულ მხარეს წარმოადგენდა შეხვედრაზე. მოლაპარაკებებში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს უნდა მიეღო, თუმცა, როგორც საგარეო უწყებამ განაცხადა, მან ვერ შეძლო 6 დეკემბერს თბილისიდან გამგზავრება, ვინაიდან ავიაკომპანია Lufthansa-ს თვითმფრინავს აფრენიდან ცოტა ხანში თბილისში მოუხდა დაბრუნება კაბინაში წნევის ვარდნის გამო. 

ევროკომისარმა შტეფან ფულემ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მსჯელობის ერთ–ერთი მიმართულება იყო "ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება“. მისი თქმით, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე დაადასტურა მისი ერთგულება ორი სეპარატისტული რეგიონის არაღიარების და მათთან ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.

"ჩვენ განვიხილეთ საკითხების ძალიან კონკრეტული სია, თუ როგორ ვიმუშავოთ ერთად საქართველოს სტრატეგიის განხორციელებაზე, რომელიც ამ ორი განდგომილი რეგიონის ჩართულობას ეხება,“ – განაცხადა მან.

საქართველოს საკითხი იმავე დღეს ბრიუსელში გამართული ევროკავშირი–რუსეთის სამიტზეც იქნა განხილული.

რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ "საქართველოში ეუთოს მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის“ აღდგენისკენ მოუწოდა.

მან ასევე მოუწოდა "მცდელობების განახლებისკენ, რათა მოხდეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხების მოგვარება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრული პატივისცემის ფარგლებში“.

"ზემოთხსენებულთან დაკავშირებით რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ამ სფეროში წარმატების მისაღწევად და პროგრესი ამ კუთხით ზოგადად იმპულსს მისცემს ევროკავშირი–რუსეთის თანამშრომლობას,“ – განაცხადა რომპუიმ. მან ევროკავშირს და რუსეთს "რეალური სტრატეგიული პარტნიორები“ უწოდა.
       
     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button