ახალი ამბები

მოსკოვი მიესალმა ცხინვალის და სოხუმის პირობას ძალის არგამოყენების თაობაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 7 დეკემბერს, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიერ ძალის არგამოყენების თაობაზე დეკლარაციების გაკეთებით, მათ „გადადგეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამიერკავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაზე“. 

„მიგვაჩნია, რომ ეს ამიერკავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების თაობაზე ჟენევის დისკუსიების საკვანძო საკითხის გადაწყვეტის პერსპექტივას ქმნის – რაც გულისხმობს თბილისსა და ცხინვალს და თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არგამოყენების რეჟიმის სრულფასოვან იურიდიულ გამყარებას,“ – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში.

6 დეკემბერს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითმა განაცხადეს, რომ მზად არიან აიღონ ვალდებულება თბილისის წინააღმდეგ ძალის არ გამოყენების თაობაზე, თუმცა თავდასხმის შემთხვევაში, თავდაცვის უფლებას დაიტოვებენ. განსხვავებით კოკოითისაგან, ბაღაფში თავის განცხადებაში აკონკრეტებს, რომ "ჩვენ მზად ვართ დავთანხმდეთ რუსულ იდეას დაინტერესებული ქვეყნების მიერ პარალელურ ცალმხრივ განცხადებებზე“ ძალის არ გამოყენების  თაობაზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალის არგამოყენების თაობაზე განცხადება 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. მოსკოვმა სკეპტიკური შეფასებები გააკეთა ამის თაობაზე და განაცხადა, რომ მხოლოდ მაშინ ირწმუნებს ამ პირობას, რაც ის იურიდიულ ძალას შეიძენს.

1 დეკემბერს ეუთოს ასტანას სამიტზე თავის სიტყვაში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენების თაობაზე საქართველოს პირობის ამსახველი წერილები ეუთოს, გაეროს და ნატოს გენერალურ მდივნებს, ასევე ევროკომისიის, ევროკავშირის და აშშ–ს პრეზიდენტებს უკვე გაუგზავნა.

რუსეთმა, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი შუამავლად წარმოაჩინოს და არა კონფლიქტის მხარედ, განაცხადა, რომ კოკოითმა და ბაღაფშმა თავიანთი განცხადებებით „სიბრძნე, პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მშვიდობისკენ გულწრფელი სწრაფვა გამოავლინეს“.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით უნდა მოეკიდოს ცხინვალის და სოხუმის ამ განცხადებებს და „არსებული ინსტრუმენტებით მათი გამყარების შესაძლებლობები შეისწავლოს“.   

სავარაუდოდ, ეს საკითხი 16 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მე–14 რაუნდის მთავარი თემა გახდება.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button