სააკაშვილი ტელევიზიების “კულტურულ და პოლიტიკურ” გავლენაზე საუბრობს
განსხვავებით სხვა პოსტ–საბჭოთა ქვეყნებისაგან, რუსეთს აღარ აქვს "კულტურული გავლენა“ საქართველოზე, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ნოემბერს და ამ კონტექსტში ისაუბრა ტელევიზიებზე, როგორც ბერკეტზე, რომელსაც აქვს "კულტურული და პოლიტიკური გავლენა ჩვენს იდენტურობაზე“.
“რუსეთი არის ჩამორჩენილი, ფეოდალური ქვეყანა… პირდაპირ ვთქვათ რა არის რუსეთი დღეს – ნავთობზე მჯდომი ნიგერია არის ეკონომიკურად. ამ ჩამორჩენილ ქვეყანას აქვს დღეს კულტურული და იდენტურობის გავლენა პრაქტიკულად ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ყველაზე ნაკლებად მათ აქვთ ეს [გავლენა] საქართველოში, პრაქტიკულად აღარ აქვთ,“– განაცხადა მან თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე.
სააკაშვილის თქმით, მოლდოვაში, უკრაინაში, "ჩვენ მეზობელ კავკასიის ქვეყნებში“, შუა აზიაში უფრო პოპულარულები არიან რუსეთის ლიდერები, ვიდრე ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები. "საქართველოში ეს დამთავრდა, საქართველოში ეს აღარ აქვს რუსეთს,“– აღნიშნა მან.
"რატომ არის ჩვენი ტელევიზიების გაძლიერება ასე მნიშვნელოვანი? ამას აქვს უმნიშვნელოვანესი კულტურული და პოლიტიკური გავლენა ჩვენს იდენტურობაზე, რომ ჩვენ აღარ უყურებთ ОРТ–ს, НТВ–ს, РТР–ს ათასგვარ უმსგავსობას,"– განაცხადა მან.
რუსული არხები, რომლებიც ახალ ამბებს გადმოსცემენ, საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გათიშულია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა საკაბელო ქსელებმა შესაბამისი ინსტრუქციები მიიღეს მთავრობისაგან. თუმცა ეს რუსული არხები ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც სატელიტური თეფშები აქვთ.
"პირიქით, ახლა იქმნება რუსულენოვანი ქართული ტელევიზიები, რომელიც ნახეთ რამდენს წაართმევს კიდევ იქით მათ აუდიტორიას. იმიტომ, რომ ეს არის ჭეშმარიტ იდენტურობის მქონე უძველესი ერის დემოკრატიულ კულტურაზე აღმოცენებული ტელევიზიები,“– განაცხადა სააკაშვილმა.
ქართულ რუსულენოვან ტელევიზიებზე საუბრისას სააკაშვილი დიდი ალბათობით გულისხმობდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველ კავკასიურ არხს", რომელმაც მაუწყებლობა იანვარში დაიწყო და მისი სამიზნე აუდიტორია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის მოსახლეობა იყო. თუმცა არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ევროპის წამყვანმა თანამგზავრების ოპერატორმა კომპანიამ Eutelsat-მა უარი თქვა ამ არხის სატელიტზე განთავსებაზე.
ივლისში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ”პირველი კავკასიური“ მმართველობაში გადასცა კერძო კომპანიას "ქეი –1“–ს, რომლის თანადამფუძნებელია ბრიტანელი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი.
ივლისში „ქეი –1“–თან 13.9 მლნ ლარის ღირებულების ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის თანახმადაც „პირველმა კავკასიურმა არხმა“, რომელიც ამჟამად რეორგანიზაციის პროცესშია, მაუწყებლობა არაუგვიანეს 2011 წლის 30 იანვრისა უნდა განაახლოს.
2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტში "პირველი კავკასიური არხისთვის“, რომელიც მესამე არხის სახელითაა მოხსენიებული, 13.3 მლნ ლარია გამოყოფილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)