skip to content
ახალი ამბები

სოხუმი მიესალმება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კოსოვოზე

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ ჰააგაში განთავესბული გაეროს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას კოსოვოზე და განაცხადეს, რომ ეს სოხუმის არგუმენტებს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ კიდევ უფრო აძლიერებს.

აფხაზური საინფორმაციო სააგენტოს „აფსნიპრესის“ ცნობით, სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „საერთაშორისო ექსპერტები უწინდებურად კატეგორიულად ვეღარ განაცხადებენ  რომ აფხაზეთს არ აქვს თვითგამორკვევის და დამოუკიდებლობის უფლება“. 

თუმცა მან ასევე დასძინა, რომ „დასავლეთის მიერ გამოყენებული ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის გათვალისწინებით”, ჰააგის სასამართლო კოსოვოს მსგავს გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა მის წინაშე აფხაზეთის საკითხი რომ დამდგარიყო.

2008 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, სერბეთის ინიციატივით, გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა დაედო საკუთარი მოსაზრება ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე: იყო თუ არა კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო არ არის, აღნიშნა, რომ „საერთო საერთაშორისო სამართალი არ შეიცავს დამოუკიდებლობის გამოცხადების აკრძალვას და შესაბამისად, [კოსოვოს მიერ] დამოუკიდებლობის გამოცხადება 2008 წლის 17 თებერვალს არ არღვევს საერთო საერთაშორისო სამართალს“.

სასამართლომ ასევე აღნიშნა თავის გადაწყვეტილებაში, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ არ ყოფილა დასმული კითხვა ქონდათ თუ არა საფუძველი სხვა სახელმწიფოებს ეღიარებინათ კოსოვო, ან რა სამართლებრივი შედეგები მოყვებოდა ამგვარ აღიარებას. შესაბამისად, სასამართლომ მიზანშეუწონლად მიიჩნია ემსჯელა თავის გადაწვეტილებაში ამ საკითხებზე და ფოკუსირება მოახდინა მხოლოდ დასმულ შეკითხვაზე.

თბილისი უკვე დიდი ხანია რაც აცხადებს, რომ კოსოვოსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონს შორის პარალელი უსაფუძვლოა; ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად ასახელებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს შემთხვევაში სწორედ ქართველი მოსახლეობა აღმოჩნდა ეთნიკური წმენდის მსხვერპლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იშველიებენ, არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის, ანუ ტალიავინის კომიისის, მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებს ეხება.

ანგარიში, სხვა საკითხებთან ერთად ასევე ეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თემას და ასკვნის, რომ „საყოველთაოდ მიღებული uti possidetis პრინციპის თანახმად, მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკებს, როგორიც არის საქართველო, და არა მათ ტერიტორიულ ნაწილებს, როგორიც არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებლობა ისეთი დიდი სახელმწიფოს დაშლის შემთხვევაში, როგორიც არის საბჭოთა კავშირი“. 

„აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთს არ ჰქონდა საქართველოდან გამოყოფის უფლება, და ზუსტად იგივე ეხება აფხაზეთსაც იმავე მიზეზებიდან გამომდინარე. სეპარატისტული ტერიტორიული ერთეულების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება მესამე ქვეყნის მიერ შესაბამისად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რადგან ასეთი ქმედება წარმოადგენს უკანონო ჩარევას დაზარალებული ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში,“ – ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  განაცხადა 22 ივლისს, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება კოსოვოს დამოუკიდებლობის რაიმე სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის. მისი თქმით, იგი კვლავ გაუწევს წინააღმდეგობას კოსოვოს სწრაფვას მოიპოვოს საერთაშორისო აღიარება.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა 22 ივლისს, რომ ჰააგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში იმ ფაქტებს ეყრდნობოდა, რომელიც მხოლოდ კოსოვოსთვისაა ”უნიკალური”.

„ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ის [სასამართლოს გადაწყვეტილება] სხვა სიტუაციებსაც მიესადაგოს,“ – განაცხადა მან.

აშშ იმ 69 სახელმწიფოს შორისაა, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა სცნეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button